პანდემია, მოხსნილი რეგულაციები, რისკები და ევროპის ქვეყნებში არსებული სოციალური და ეკონომიკური ვითარება – ეს არის საკითხები, რომლებზეც პროფკავშირების პან ევროპულმა რეგიონულმა საბჭომ იმსჯელა. შეხვედრა ორგანიზაციის ბრიუსელის ოფისის ეგიდით, ონლაინ რეჟიმში, ირაკლი პეტრიაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.
მთავარი თემა იყო covid 19 -ის პანდემიით გამოწვეული კრიზისული ვითარება და ბევრ ქვეყანაში მოხსნილი რეგულაციები.
ირაკლი პეტრიაშვილის გაცხადებით, მისასალმებელია, რომ ევროპა ნორმალური ცხოვრების რიტმს უბრუნდება, თუმცა კვლავ რჩება პანდემიის მეორე ტალღის რისკი, რის გამოც პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს უსაფრთხოების დადგენილი ნორმების ზედმიწევნით დაცვისკენ, მათ შორის დისტანცირების და პირბადეების გამოყენებისკენ.
“PERC”-ის მმართველი კომიტეტი წუხილს გამოთქვამს იმის გამოც, რომ რიგ ქვეყნებში რეგულაციების მოხსნა მოხდა არა პანდემიის შესუსტების გამო, არამედ ეკონომიკის კოლაფსისა და ფსკერისკენ წასვლის მიზეზით. ეს ქვეყნები ვერ ახერხებენ მოქალაქეთა სოციალურ უზრუნველყოფას და იძულებულნი არიან მაღალი რისკის შემცველი ნაბიჯები გადადგან.
საუბარი შეეხო ევროკავშირის მიერ გამოყოფილ 130 მილიარდ ევროს, რომელიც დახარჯული იქნება ევროკავშირის და ამასთანავე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მნიშვნელოვნად დასახმარებლად. ლუკა ვინსენტინიმ, რომელიც ევროკავშირში პროფკავშირების პან ევროპული საბჭოს სპეციალური წარმომადგენელია, (როგორც PERC გენერალური მდივანი,) პროფკავშირებს ევროკავშირის სპეციალური გზავნილი გადასცა. მთავრობებმა უნდა წარადგინონ დეტალური გაანგარიშება, იმისა თუ რაზე და როგორ დაიხარჯება გამოყოფილი თანხები.
დეტალური სქემა და პრიორიტეტების განსაზღვრა კი მომზადებული უნდა იყოს სოციალურ პარტნიორებთან, მათ შორის პროფკავშირებთან მჭიდრო ურთიერთობით, წინააღმდეგ შემთხვევაში თანხებს ვერ მიიღებენ. გამოწვევად რჩება ბევრ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, სადაც ხელისუფლება, მემარჯვენე პოპულისტები და ხარბი კაპიტალისტები ცდილობენ covid -19-ის კრიზისის გამოყენებას საკუთარი ბნელი, ვიწრო მერკანტილური ინტერესების განსახორციელებლად.
შეხვედრაზე განიხილეს არაერთი ქვეყნის მაგალითი, სადაც ავიწროებენ დასაქმებულთა ორგანიზაციებს და ერევიან პროფკავშირების საქმიანობაში. იმსჯელეს დასაქმებულთა უფლებების თვალსაზრისით ე.წ.”რისკის” ქვეყნებზე, რომელთა რიცხვში მოხვდნენ უკრაინა, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ყაზახეთი, უნგრეთი…
ირაკლი პეტრიაშვილმა განსაკუთრებულად სთხოვა კოლეგებს მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ სომხეთის მიმართ, სადაც პანდემიის გამო შექმნილი მძიმე ვითარება უკონტროლო ხდება და დიდი საფრთხეების მატარებელია.
მსჯელობა შეეხო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მანდატის გაძლიერების საკითხსაც, რაზეც დეტალაურად 22 ივნისს შეთანხმდებიან.