საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ და ამავე დროს პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტმა – საპატიო, ”არტურ სვენსონის” სახელობის ჯილდო მიიღო, რომელიც ამ ჯილდოს ყაზახეთის დევნილ და პატიმრობაში მყოფი პროფკავშირის წევრებს გადასცემს.
საქართველოს პროფკავშირების და კერძოდ ირაკლი პეტრიაშვილის “არტურ სვენსონის” ჯილდოზე ნომინირების სურვილი, რომელიც შრომითი უფლებებისთვის მებრძოლ გამორჩეულ პირს ან პროფკავშირულ ორგანიზაციას გადაეცემა (აღნიშნული ჯილდო გლობალური მასშტაბის მხარდაჭერის და პატივისცემის გამოხატულებაა), პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა შარან ბაროუმ გამოთქვა. მან ოსლოში მიმდინარე ყოველწლიური მასშტაბური ღონისძიების მონაწილეებს ვიდეო ჩართვით მიმართა და გასული წლის შემოდგომაზე, საქართველოს პროფკავშირების არჩევნებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მისი განცხადებით, საქართველოს პროფკავშირული ორგანიზაციის დამოუკიდებლობის ხარისხისა და ბრძოლისუნარიანობის დემონსტრირება იყო.
თავის მხრივ, როგორც პროფკავშიების პან-ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტმა და შარან ბაროუს წარდგინებით – მსოფლიო პროფკავშირების წარმომადგენელმა ირაკლი პეტრიაშვილმა ჯილდოზე ნომინანტად დაასახელა ყაზახეთის დამოუკიდებელი პროფკავშირი (KNPRK), რომლის ლიდერებსაც პროფკავშირული ნიშნით დევნიან, იჭერენ და ციხეში სვამენ.
ყაზახეთის დამოუკიდებელი პროფკავშირების (KNPRK) – ის პროფკავშირული ორგანიზაციაა, რომლის სამი ლიდერიც ჯერ პოლიტიკური და სამართლებრივი დევნის ობიექტი გახდა შემდეგ კი მსჯავრიც შეუფარდეს. ლარისა ხარკოვას, ნურბეკ კუშაკბაევს და ამინ ელეუსინოვის მხარდასაჭერად ირაკლი პეტრიაშვილის თაოსნობით მსოფლიო პროფკავშირებმა არაერთხელ მიმართა ყაზახეთის მთავრობას, ჩავიდნენ სიტუაციის გასაცნობად და სერიოზული ბრძოლა გასწიეს და ზეწოლა მოახდინეს ყაზახეთის მთავრობაზე მათ გასათავისუფლებლად და მსჯავრის პირობითით შეცვლასაც მიაღწიეს.
სწორედ PERC -ის წარდგინებით, რომელსაც პეტრიაშვილის ხელმძღვანელობს, ”არტურ სვენსონის” ჯილდოს ნომინანტად ყაზახეთის დამოუკიდებელი პროფკავშირი დასახელდა და სხვა რვა პრეტენდენტს შორის გამარჯვებაც მოიპოვა, პრიზი პეტრიაშვილმა როგორც წარმდგენმა და მსოფლიო პროფკავშირების წარმომადგენელმა მიიღო და ის გადასცემს ორგანიზაციას, რომლის ლიდერებიც ქვეყნის დატოვებას დევნისა და შევიწროების გამო ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
ადგილობრივი მედიის ყურადღების ცენტრში არა მხოლოდ პრიზის გადაცემის ცერემონია, არამედ ირაკლი პეტრიაშვილის მიერ წარმოთქმული სიტყვაც მოხვდა. პეტრიაშვილმა “არტურ სვენსონის” ფონდის კომიტეტს სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყაზახეთში თავისუფალი პროფკავშირებისთვის ბრძოლა გრძელდება, გრძელდება ბრძოლა სამი აქტიური პროფკავშირელისთვის წარდგენილი უსამართლო ბრალის მოხსნისთვისაც.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ნორვეგიისა და ყაზახეთის მსგავსებებსა და განსხვავებებზე ისაუბრა, თქვა რომ ორივე ქვეყანა მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, თუმცა განსხვავება იმაშია, რომ რესურსებიდან მიღებული შემოსავალი ნორვეგიაში აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე და ნორვეგია მოწინავე ადგილზეა მოქალაქეთა ბედნიერების და სოციალური კეთილდღეობის ინდექსით, განსხვავებით ყაზახეთისგან. რადგან ნორვეგიის მთავრობა და პოლიტიკოსები დიდ ყურადღებას უთმობენ სამოქალაქო განათლებას და ეყრდნობიან სამოქალაქო საზოგადოებას, რომლის ხერხემალიც თავისუფალი, დამოუკიდებელი პროფკავშირებია. სწორედ პროფკავშირების ჩართულობით და სოციალური პარტნიორობის მეშვეობით ნორვეგიაში სამართლიანად ანაწილებენ ეკონომიკურ დოვლათს და ზრუნავენ საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე.
“როგორც პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტმა ვიცი, რომ ყაზახეთის მსგავსი პრობლემები რეგიონის არაერთ ქვეყანაშია, არც საქართველოა გამონაკლისი და ბევრი ქვეყანა დგას მსგავსი გამოწვევების წინაშე, მათი ხელისუფალნი უნდა დაფიქრდნენ, გაიაზრონ და ყველა ღონე იხმარონ, ყველა ხერხს მიმართონ სამოქალაქო სექტორის, სოციალური პარტნიორობის და დიალოგის გაძლიერებისთვის, რათა ნორვეგიაში არსებული სოციალური სიტუაცია – არ იყოს, ან გახდეს თავის დროზე ებრაელებისთვის აღქმული მიწა, რომლისკენაც 40 წელი უდაბნოში მიდიოდნენ ებრაელები. თუ ჩვენ თავად არ ვიბრძოლებთ ჩვენი უფლებებისთვის აქტიურად, ასევე მოგვიწევს 40 წელი და მეტი უდაბნოში სიარული. არ არსებობს კეთილი მთავრობები, რომლებიც ზრუნავენ ხალხის კეთილდღეობაზე, არსებობს ძლიერი ხალხი და სამოქალაქო საზოგადოება, რომლებიც ჩარჩოებში აქცევს მთავრობის ქმედებებს და მათ ხალხის სასიკეთოდ ამოქმედებს.” განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.