მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ირაკლი პეტრიაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე ბაქოში, მნიშვნელოვანი საკითხები წარმოადგინა

საპენსიო რეფორმა საქართველოში, სავალდებულო დაზღვევა, უმუშევრობის და შსოს რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობა – ირაკლი პეტრიაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე ბაქოში, მნიშვნელოვანი საკითხები წარმოადგინა

 

ბაქოში ღირსეულ შრომასა და მდგრადი განვითარების მიზნებზე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, სადაც მონაწილეობას იღებენ აზერბაიჯანის მთავრობის მაღალი რანგის და პროფკავშირების წარმომადგენლები, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი და ამავე ორგანიზაციის რეგიონალური დირექტორები, გაერთიანებულ ერთა ორგანიზაციის, სოციალური პარტნიორების, კვლევითი საზოგადოების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

შეკრებილ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა გაი რაიდერმა და აზერბაიჯანის ვიცე პრემიერმა ალი ახმადოვმა.

შეხვედრაში აქტიურადაა ჩართული საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.  მან ინგლისის, თურქეთის და აზერბაიჯანის შრომის მინისტრებთან ერთად პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

პეტრიაშვილმა დისკუსიის მონაწილეებს და დამსწრე საზოგადოებას გააცნო საქართველოში საპენსიო რეფორმის მიმდინარეობის და პროფკავშირების მიერ მომზადებული ინიციატივათა პაკეტის დეტალები, იმსჯელა სავალდებულო დაზღვევის, უმუშევრობის და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობის, ასევე სასაცილო მინიმალურ ხელფასის თაობაზე, რომელიც საქართველოს კერძო სექტორში 20 ლარითაა განსაზღვრული და ხელს უწყობს არაფორმალურ დასაქმებასა და არაფორმალურ ეკონომიკას.

ხაზგასმით ისაუბრა არაფორმალური ეკონომიკის ზრდის გამომწვევ მიზეზებზე, მათ შორის უმუშევრობაზე, ეკონომიკურ სიდუხჭირესა და ეგრეთ წოდებულ “ჩრდილოვან” ეკონომიკაზე.  საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის განცხადებით, უმუშევრობა ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიის ერთ ერთ მთავარ შემაფერხებელ ფაქტორს და მოქალაქეთა ძირითად  პრობლემასა და საზრუნავს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ ამ პრობლემის დროული გამოვლენა და იდენტიფიცირება ხდება, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია არსებული პრობლემების გადაჭრის გზების განსაზღვრა საკანონმდებლო დონეზე და არაფორმალურიდან – ფორმალურ ეკონომიკაზე გადასვლის სტიმულირება.

მონაწილეები კონფერენციის ფარგლებში განიხილავენ შრომის მომავალს, მდგრადი განვითარების მიზნების მონიტორინგის სისტემების იმპლემენტაციას და იმას თუ რა უნდა გაკეთდეს რათა ეკონომიკური ზრდა იყო ინკლუზიური, მდგრადი და სამუშაო ადგილებით მდიდარი.