მიმდინარეობს საიტის განახლება

ირაკლი პეტრიაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანში

ირაკლი პეტრიაშვილი პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტის რანგში, აზერბაიჯანში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში პეტრიაშვილს ოფიციალური შეხვედრა ჰქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. აუდიენცია პრეზიდენტის რეზიდენციაში შედგა და მას ირაკლი პეტრიაშვილის გარდა, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის პრეზიდენტი ჟოაო ფელიციო და საერეთშორისო პროფკავშირების წარმომდგენელი ესწრებოდა.

საქართველოს პროფკავშირების ლიდერისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრისას მსჯელობა შეეხო სოციალურ პოლიტიკას, ორი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობასა და მასზე მოქმედ ასპექტებს.

ირაკლი პეტრიაშვილმა ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა კეთილმეზობლობისთვის და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი ფორმატის არსებობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაჯანსაღების საქმეში. თავად ილჰამ ალიევმა ქვეყანაში არსებულ ერთ ერთ მნიშვნელოვან პრობლემად არაფორმალური დასაქმება დაასახელა, ასევე ხაზი გაუსვა იმ საკითხს, რომ დასაქმებულთა პრობლემების ლობირებას პარლამენტში პროფკავშირების ლიდერი ახერხებს, რომელიც მილი მეჯლისის წევრია.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად ევროპის რეგიონის პროფკავშირების ლიდერი, ალიევთან შეხვედრამდე აზერბაიჯანის პროფკავშირების ყრილობას დაესწრო, სადაც 3200 კაციანი აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოვიდა და ევროპის პროფკავშირების გამოწვევებსა და გეგმებზე ისაუბრა. პეტრიაშვილმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა რეგიონისთვის აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის – საპენსიო სისტემებსა და რეფორმებზე, შრომის უსაფრთხოებაზე, მიგრაციაზე და თანმდევ საკითხებზე, მინიმალური ხელფასის ოდენობაზე, ქალთა და მამაკაცთა შორის ხელფასების სხვაობაზე და ძლიერი პროფკავშირების მნიშვნელობაზე.

ირაკლი პეტრიაშვილი სიტყვით გამოსვლისას შეეხო აზერბაიჯანის და საქართველოს კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობას და ურთიერთობის პერსპექტივებს. მისი ვიზიტის მიმართ დიდი ინტერესი გამოხატა აზერბაიჯანულმა მედიამ. პეტრიაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანში გრძელდება.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება