საქართველოში ქალებსა და მამაკაცებს შორის არათანაბარი ხელფასები, საპენსიო რეფორმა და შრომის უსაფრთხოება, შრომის ინსპექციის საკითხი და ასოცირების ხელშეკრულებით, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, გაფიცვის უფლების შეზღუდვა, სასამართლო სისტემის მოუქნელობა და შრომითი სასამართლოების შექმნის აუცილებლობა – ესაა საკითხები, რომლებზეც ირაკლი პეტრიაშვილმა ბელგიაში გამართულ ჯგუფურ და პირისპირ შეხვედრებზე ყურადღება გაამახვილა. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ბელგიის პროფკავშირების (FGTB) კონგრესზეა მიწვეული და მის ფარგლებში შეხვედრებს ბელგიის ხელისუფლების და სხვადასხვა ქვეყნების პროფკავშირების წარმომადგენლებთან მართავს, მათ შორის მას შეხვედრა ჰქონდა ბელგიის (FGTB-ს პრეზიდენტი) და ამავდროულად ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის პრეზიდენტ რუდი დე ლიუსთან (Rudy De Leeuw), აგრეთვე ევროპის პროფკავშირების გენერალურ მდივან ლუკა ვისენტინისთან, (Luca VISENTINI). ბელგიიდან პეტრიაშვილი შვეიცარიაში გადაინაცვლებს, სადაც მონაწილეობას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შრომის საერთაშორისო კონფერენციის 107 სესიაში მიიღებს. ჟენევაში საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს შეხვედრები ექნება შსო-ს გენერალურ დირექტორ გაი რაიდერთან.