მიმდინარეობს საიტის განახლება

ირაკლი პეტრიაშვილი: სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ბიზნესთან დიალოგით შევჯერდეთ და შევიტანოთ კოდექსში ცვლილებები

„შრომის კოდექსში“  შესატანი ცვლილებების შესახებ მსჯელობდნენ დღეს გამართულ შეხვედრაზე  კანონპროექტის ინიციატორები, პარლამენტარები, პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ბიზნესომბუდსმენი, ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, „შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებათა პაკეტში ევროპული სოციალური ქარტიით გათვალისწინებული ნორმების მხოლოდ ნაწილია გათვალისწინებული.

მისივე თქმით, ახალი კოდექსი ჩრდილოვან ეკონომიკას კი არ გაზრდის, არამედ, დასაქმებას გამოიყვანს ჩრდილიდან. „მომხრე ვარ იმის, რომ სწორედ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ბიზნესთან დიალოგის გზით შევჯერდეთ და შევიტანოთ კოდექსში გარკვეული ცვლილებები. აბსოლუტური აბსურდია, რომ ცვლილებები კოდექსში ჩრდილოვან ეკონომიკას გაზრდის. პირიქით – ჩრდილიდან გამოჰყავს გარკვეულწილად დასაქმება. მეტი სადღა უნდა გაზარდოს? დასაქმების 58 პროცენტი ისედაც ჩრდილშია გადასული. ინიციატივა მინიმალური ხელფასიდან დაწყებული სხვა ინიციატივებით დასრულებული, ბიუჯეტში მეტი თანხის აკუმულირებას მოახდენს, რათა ბიუჯეტს ჰქონდეს მეტი სოციალური პასუხისმგებლობა მოქალაქეების წინაშე.

რეალურად, ეს ინიციატივები გათეთრებას უწყობს ხელს. თუ ზეგანაკვეთური შრომა არ იქნა განსხვავებული ტარიფით ნაზღაურებული, რაც არ უნდა იდავოთ ინდივიდუალურად, ვერაფერს მიაღწევთ.  შემიძლია გითხრათ, თუ რას გამოიწვევს მინიმალური ხელფასის შემოტანა. 130 ათას ადამიანს ქვეყანაში დღეს აქვს იმაზე ნაკლები ხელფასი, ვიდრე საარსებო მინიმუმია. ფაქტია, რომ 20 ლარად არავინ არ არის თანახმა, რომ თვის განმავლობაში იმუშაოს. დღეს თვეში დადგენილი ხელფასი ბიზნეს სექტორში არის სწორედ 20 ლარი. 20 ლარად ვერავის დაიქირავებთ. რას ნიშნავს ეს? არის თუ არა ჩრდილში დასაქმება და გადასახადების დამალვა? არსებობენ ადამიანები, ვისაც ოფიციალურად 20 ლარი აქვს ხელფასი, რეალურად კი, გადასახადის გადახდა არ ხდება ბიუჯეტში. შეიძლება რეალური ხელფასი 1000 ლარი იყოს და კონვერტით იღებდეს მას, სახელმწიფოს უმალავდეს გადასახადებს დამსაქმებელი“, – განაცხადა  ირაკლი  პეტრიაშვილმა.

 

© ongo.ge