მიმდინარეობს საიტის განახლება

ირაკლი პეტრიაშვილი პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის ვიცე- პრეზიდენტად აირჩიეს. 

 ირაკლი პეტრიაშვილი პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის ვიცე- პრეზიდენტად აირჩიეს. 

მრავალმილიონიანი ორგანიზაციის მეოთხე მსოფლიო კონგრესმა პეტრიაშვილის კანდიდატურას ამ საპასუხისმგებლო და საპატიო თანამდებობაზე მხარი ერთხმად დაუჭირა. კონგრესი დანიის დედაქალაქში მიმდინარეობს და მას 164 ქვეყნის 1500 წარმომადგენელი ესწრება. ასეთი მხარდაჭერა, მით უმეტეს ასეთი რანგის თანამდებობაზე ამ დრომდე საქართველოს არც ერთ წარმომადგენელს არ ჰქონია.

კოპენჰაგენის კონგრესსზე საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის და საქართველოს პროფკავშირების წარმატება არის ნათელი დასტური მისი საერთაშორისო აღიარების, ორგანიზაციის დემოკრატიულობის და ბრძოლისუნარიანობის.
პეტრიაშვილის არჩევით ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე დიდი ლობი, დასაქმებულებს კი მსოფლიო დონის ინტერესების დამცველი ეყოლება.

პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია 2006 წელს დაფუძნდა და დამფუძნებელთა შორის საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება და ირაკლი პეტრიაშვილი იყვნენ.
დღეისთვის მასში წარმოდგენილია 163 ქვეყნის 331 პროფკავშირი 207 მილიონი წევრით, მათ შორისაა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაც. ამ დროისთვის წევრთა ზრდისკენ პროგრესირებს.

პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური და გავლენიანი პროფკავშირული ორგანიზაციაა, მისი ძირითადი მისიაა დაიცვას დასაქმებულთა უფლებები და წინ წამოწიოს მათი ინტერესები – პროფკავშირულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის, გლობალური კამპანიების წარმოების და წამყვან საერთაშორისო ინსტიტუტებში ადვოკატირების გზით.

საქმიანობის ძირითადი სფეროებია პროფკავშირის და ადამიანის უფლებები; ეკონომიკა, საზოგადოება და სამუშაო ადგილი; თანასწორობა და დისკრიმინაციასთან ბრძოლა; საერთაშორისო სოლიდარობა;
პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია პროფკავშირების დემოკრატიის და დამოუკიდებლობის პრინციპების ერთგულია.

მას მჭიდრო უერთიერთობა აქვს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და მთავარი პარტნიორია გაეროს არაერთი სპეციალიზებული სააგენტოსი.
პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის მმართველ გუნდს მსოფლიო კონგრესი ირჩევს ოთხ წელიწადში ერთხელ.

პეტრიაშვილი მუშაობას უახლოეს დღეებში შეუდგება. ახალი თანამდებობა შეთავსებადია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეობასა და პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტობასთან.