ირაკლი პეტრიაშვილი ამერიკის ელჩს შრომით უფლებებზე ესაუბრა

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ და ამერიკის ელჩმა შრომითი
უფლებების კუთხით არსებული ვითარება განიხილეს.14883555_10154248924908073_4661187713852987367_o

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა. შეხვედრისას განიხილეს საქართველოში შრომითი უფლებების, სოციალური დაცვისა და დასაქმების სფეროში არსებული მდგომარეობა. ირაკლი პეტრიაშვილმა მადლობა გადაუხადა ელჩს ამერიკის მთავრობის, მათ შორის, ამერიკის შრომის დეპარტამენტის მიერ გაწეული და მიმდინარე დახმარებისთვის, რაც გულისხმობს საქართველოში შრომის უფლებების მიმართ პატივისცემის გაზრდას, შრომის კანონმდებლობის აღსრულებაზე ზედამხედველი ინსტიტუტების გაძლიერებას და სოციალური დიალოგის მხარდაჭერას.
შეხვედრისას ხაზი გაესვა სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას, ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნის მნიშვნელობას და სახელმწიფო და კერძო საწარმო-დაწესებულებებში პროფკავშირული აქტივისტების დევნის ფაქტების შეწყვეტის აუცილებლობას. ამერიკის ელჩმა სრული მხარდაჭერა გამოთქვა აღნიშნული პრობლემების გადაჭრისთვის ამერიკის მთავრობის ძალისხმევის გასაგრძელებლად. მან აღნიშნა, რომ საქართველოში ამერიკის ხელისუფლების პრიორიტეტი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებაა, რისი განუყოფელი ნაწილიცაა მშრომელთა უფლებების და ინტერესების ეფექტური წარმომადგენლობა და დაცვა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება