მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ირაკლი პეტრიაშვილმა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ყოველწლიურ კონფერენციაზე ბელარუსში პროფკავშირების დევნასთან დაკავშირებული პროცესები განიხილა

7 ივნისს,  ჟენავაში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ყოველწლიური შრომის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, სტანდარტების გამოყენების კომიტეტის შეხვედრა ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა.

მთავარი საკითხი, რაზეც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობების, დამსაქმებლების და დასაქმებულთა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს, ბელარუსში არსებული რთული ვითარებაა.

ირაკლი პეტრიაშვილმა, როგორც პროფკავშირების  საერთაშორისო კონფედერაციის პან-ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტმა  და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ,  კომიტეტის სხდომის მონაწილეებთან ბელარუსში პროფკავშირების დევნასთან დაკავშირებული პროცესები განიხილა და  კომიტეტს სათანადო და ადეკვატური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.

„პროფკავშირებისა და გაერთიანების თავისუფლების მხრივ ბელარუსში მთელი რეგიონის მასშტაბით, ყველაზე რთული ვითარებაა. მათ მთავრობას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესრულება არ სურს. პირიქით, თრგუნავენ ფუნდამენტურ თავისუფლებას, ნებისმიერ კოლექტიურ მოქმედებას და თავისუფალ ხმას. გამაოგნებელია, რომ იარაშუკი, შსო-ს მმართველი ორგანოს წევრი, ანტუსევიჩი, BKDP-ის ლიდერები პროფკავშირის სხვა ლიდერებთან ერთად პატიმრობაში არიან. ისინი არამხოლოდ  ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიან, არამედ, მათ ისე ექცევიან, როგორც კრიმინალებს. მათი მთავრობა კი უგულებელჰყოფს შსო-ს მრავალრიცხოვან ჩართულობას მათი გათავისუფლებისთვის. პროფკავშირები გამოცხადებულია დესტრუქციულ, ექსტრემისტულ ორგანიზაციად და აშკარად არსებობს ბრძანება BKDP-ის და მისი ორგანიზაციების დასრულების შესახებ. რამდენიმე დამოუკიდებელი პროფკავშირი კი უკვე არაკანონიერად გამოცხადდა. ვფიქრობ, ნორმების კომიტეტმაც მკაფიოდ და მკაცრად უნდა შეაფასოს ლუკაშენკოს რეჟიმის არანორმალური ქმედებები, როგორც ეს გაერთიანების თავისუფლების კომიტეტმა გააკეთა“ – განაცხადა პეტრიაშვილმა.

შეგახსენებთ, 2022 წლის 19 აპრილს, ბელარუსის პროფკავშირების კონგრესის ხელმძღვანელობა – პრეზიდენტი ალექსანდრ იარაშუკი, ვიცე-პრეზიდენტი სიარჰეი ანტუსევიჩი, მეტალურგიის სფეროში დასაქმებულთა თავისუფალი პროფკავშირების პრეზიდენტი ალექსანდრ ბუხოვსტაუ და ბელარუსის თავისუფალი პროფკავშირების პრეზიდენტი მიხალაი შარაკი დააპატიმრეს.