საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2021 წლის 04 მაისიდან 12 ივნისამდე შპს „გურია ექსპრესის“ ე.წ. „გულისტანის“ ხორბლის გადამამუშავებელი ქარხნის (შპს გურია-ექსპრესი) მუშებმა საწარმოში არსებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში მდგომარეობის გამო, სამუშაოს შესრულებაზე უარი თქვეს. 2023 წლის 31 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაფიცვა კანონიერად მიიჩნია. (ვრცლად იხ. ბმულზე: https://gtuc.ge/gulistani-sasamartlos-gadawyvetileba/).
გაფიცვისა და სასამართლო დავის პარალელურად, მხარეთა შორის, 2021-23 წლებში კოლექტიური შრომითი დავის სამი მედიაცია გაიმართა. ბოლო კოლექტიური შრომითი დავის ფარგლებში, 2022 წლის 9 დეკემბერს დადებული სამედიაციო შეთანხმების თანახმად, მხარეებმა აიღეს კონკრეტული ვალდებულებები, რომელთა ნაწილიც შპს „გურია-ექსპრესმა“ არ შეასრულა. კერძოდ:
1. მე-5 პუნქტი: „დამსაქმებელი თანახმაა, გააუქმოს სამუშაო სივრცეში ვიდეო სათვალთვალო კამერებით აუდიო მონიტორინგის ფუნქცია, მანამდე არსებული ჩანაწერები კი გაანადგუროს ამ შეთანხმებაზე ხელმოწერიდან 1 თვის ვადაში. განადგურების დამადასტურებელი ცნობა კი განადგურებიდან 1 კვირის ვადაში გაუგზავნოს პროფკავშირს“ – ასეთი ცნობა დღემდე არ არის მოწოდებული პროფკავშირისთვის;
2. მე-6 პუნქტი: „დამსაქმებელი თანახმაა, ამ შეთანხმებაზე ხელმოწერიდან 2 კვირის ვადაში პროფკავშირთან კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშაოს ალკოჰოლური და ნარკოლოგიური სიმთვრალის მდგომარეობის გამოვლენის წესი. აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ პროფკავშირი გაუგზავნის დამსაქმებელს წესის პროექტს, დამსაქმებელი გადაამუშავებს პროექტს და არსებობის შემთხვევაში, დაუბრუნებს პროფკავშირს შენიშვნებით. შენიშვნების არარსებობის შემთხვევაში, ან შენიშვნების შემდეგ, დამსაქმებელსა და პროფკავშირს შორის წესის საბოლოო ვარიანტზე შეთანხმების შემდეგ, დამსაქმებელი წესს დაამტკიცებს დირექტორის ბრძანებით და დამტკიცებიდან 2 კვირის ვადაში გააცნობს დასაქმებულებს გაცნობაზე ხელმოწერის დაფიქსირებით“ – მიუხედავად დამატებითი კომუნიკაციისა, შპს გურია-ექსპრესს არც პასუხი დაუბრუნებია პროფკავშირის მიერ შეთავაზებულ პროექტზე და არც უცნობებია, რაიმე შეიმუშავა თუ არა;
3. მე-7 პუნქტი: „დამსაქმებელი თანახმაა, რომ ამ შეთანხმებაზე ხელმოწერიდან 6 თვის ვადაში დაასრულებს სამზარეულო, სასადილო, საშხაპე და საპირფარეშო სივრცის აშენებასა და აუცილებელი ინვენტარით (საკვების მოსამზადებლად საჭირო გაზქურა, მაცივარი) აღჭურვას, რაც, მათ შორის, მოიცავს ამ სივრცეების ცივი-ცხელი წყლითა და გათბობა-გაგრილების სისტემით უზრუნველყოფას“ _ არც ეს ვალდებულება არ არის შესრულებული.
4. მე-11 პუნქტი: „დამსაქმებელი თანახმაა, რომ დასაქმებულები უზრუნველყოფს ზამთრისა და ზაფხულის ყოველ სეზონზე სპეც. ტანსაცმლითა და სპეც. ფეხსაცმლით. საწყის ეტაპზე ეს ვალდებულება შესრულებული იქნება ამ შეთანხმებაზე ხელმოწერიდან 2 თვის ვადაში. ზაფხულის სეზონი მოიცავს გაზაფხულისა და ზაფხულის თვეებს, ზამთრის სეზონი კი – შემოდგომისა და ზამთრის თვეებს.“ შეთანხმებაზე ხელმოწერიდან მალევე გადაეცათ დასაქმებულებს ზამთრის სეზონის სპეც. ტანსაცმელი, მაგრამ ზაფხულის სეზონისა გადაეცათ სექტემბერში, ზაფხულის სეზონის შემდეგ.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ პროფკავშირების გაერთიანება პირველივე დღიდან სოლიდარულია ქარხნის მუშების მიმართ და მათ ინტერესებს სასამართლოში სწორედ გაერთიანების იურისტი იცავს.
სამედიაციო შეთანხმების იძულებითი აღსრულების მიზნით, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ 2023 წლის 19 სექტემბერს სააღსრულებო ფურცელი გასცა (ვრცლად იხ. ბმულზე: https://shorturl.at/nqCMU ).
ასევე, პროფკავშირების საჩივრის საუძველზე, ინსპექციამ დაადგინა, რომ შპს „გურია-ექსპრესს“ არ შეუსრულებია ზემოთ მითითებული პუნქტები, 2023 წლის 08 დეკემბერს კი სამედიაციო შეთანხმების შეუსრულებლობის გამო, შპს „გურია-ექსპრესი“ სამართალდამრღვევად ცნო, დააჯარიმა 800 ლარის ოდენობით და შეთანხმების შესრულების მიზნით გაცემული მითითებების შესასრულებლად 30-დღიანი ვადა განუსაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 29 სექტემბერს, შრომის კანონმდებლობის რეფორმის შედეგად შესაძლებელი გახდა კოლექტიური შრომითი დავის ფარგლებში მიღწეული შეთანხმების შეუსრულებლობის გამო სანქციის დაკისრება, რაც გამოიხატება გაფრთხილებით ან ჯარიმით (შრომის კოდექსის მე-80 მუხლი). ჯარიმის ოდენობა განსაზღვრულია 600-დან 1000 ლარამდე იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლის მიერ ბოლო 1 წლის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 500 000 ლარს აღემატება. ცვლილებების საპარლამენტო განხილვების დროსაც, ჯარიმის ოდენობასთან დაკავშირებით, პროფკავშირები კრიტიკას გამოთქვამდა. ამ შემთხვევაშიც მიუთითებს, რომ კოლექტიური შრომითი დავით დასაქმებულებისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანის მიმართ ჯარიმის ამჟამინდელი ოდენობა არაადეკვატურია. ჯარიმა პრევენციული ხასიათის უნდა იყოს, რაც გამოირიცხება ნახევარ მილიონზე მეტი ბრუნვის მიმართ ჯარიმის 1000 ლარამდე ოდენობის დადგენით. მისასალმებელია, რომ ცნობიერების ამაღლებასა და სოციალური დიალოგის განვითარებაზე დიდი რესურსი იხარჯება, თუმცა, საჭიროა სახელმწიფო პოლიტიკის გამკაცრება სანქციების მიმართულებითაც.
შპს გურია-ექსპრესის დასაქმებულთა ინტერესებს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამილა გაბაიძე იცავს.