აღნიშნული საკითხი საკმაოდ მწვავედ დგას საქართველოშიც, სადაც არასასოფლო სამეურნეო სფეროში დასაქმებულთა 29,1% არაფორმალურადაა დასაქმებული. რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, ამ დარგში დასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა არაფორმალია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მონაცემებით ჩრდილოვანი ეკონომიკა, 2015 წლის მდგომარეობით, საქართველოში შეადგენდა 64,9%-ს. ეს იყო მსოფლიოში ყველაზე უარესი მაჩვენებელი. საქართველოს წინა პოზიციებს ამ მხრივ იკავებდა ზიმბაბვე და ბოლივია.
მსოფლიო ბანკის 2023 წლის არაფორმალური ეკონომიკის მონაცემთა ბაზის მიხედვით არაპირდაპირი მეთოდით (MIMIC) არაფორმალური ეკონომიკა საქართველოში მშპ-ს 62% იყო.
რაც შეეხება არაფორმალურ დასაქმებას (Infemp_p) შსო-ს ჰარმონიზებული სერიების მიხედვით იგი საქართველოში 2020 წელს 39,7%-ს შეადგენდა.
სახელმწიფოს მიერ ფორმალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯები ძირითადად მიმართულია ბიზნესის წარმოების გამარტივებისკენ და ფორმალური თვითდასაქმების წახალისებისკენ. სახელმწიფო ნაკლებად ცდილობს ფორმალურ დასაქმებაში შექმნას ისეთი სოციალური ბენეფიტები და შრომითი პირობები, რაც არაფორმალურად დასაქმებულებისთვის მიმზიდველი იქნებოდა. ამასთან ფორმალიზაცია უნდა გულისხმობდეს შრომითი უფლებების დაცვის გარანტიის არსებობას ყველა დასაქმებულისათვის. საქართველოს შრომის კოდექსი კი არ ვრცელდება თვითდასაქმებულებზე, შესაბამისად ის პირები, რომელთაც დამსაქმებელი უფორმებს მომსახურების ხელშეკრულებას რჩებიან შრომის კოდექსის დაფარვის მიღმა.
არაფორმალური ეკონომიკით გამოწვეული დანაკარგები ორმხრივია: ერთის მხრივ სახელმწიფო ბიუჯეტი კარგავს საგადასახადო შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს, ხოლო მეორე მხრივ არაფორმალურად დასაქმებულ პირებს არ აქვთ დაცული მინიმალური შრომითი სტანდარტები, ვერ სარგებლობენ შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებებით და არ აქვთ სოციალური დაცვის გარანტიები.
მნიშვნელოვანია სოციალურ პარტნიორებს ჰქონდეთ ჩამოყალიბებული ხედვა, როგორ უნდა მოხდეს არაფორმალური დასაქმების ფორმალიზაცია, რაც მრავალ ადამიანს გაუუმჯობესებდა ცხოვრების სტანდარტს.
წინამდებარე კვლევის ობიექტს წარმოადგენენ არაფორმალურად დასაქმებულები და არა მთლიანად ჩრდილოვანი ეკონომიკა. კვლევის მიზანი იმ დასაქმებულების მდგომარეობის შესწავლაა, რომლებსაც ჰყავთ ან პოტენციურად შეიძლება ყავდეთ დამსაქმებელი, მაგრამ მაინც ექცევიან არაფორმალურ დასაქმებაში. შესაბამისად კვლევა მოიცავს საქართველოში დასაქმებულებს, სოფლის მეურნეობაში ჩართული პირების გარდა.
კვლევაში მოყვანილ სტატისტიკაში შედიან, როგორც დაქირავებით დასაქმებულები ისე თვითდასაქმებულები. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ საქართველოში დამსაქმებელთა ნაწილი დასაქმებულებს უფორმებს მომსახურების ხელშეკრულებას და ამით თავიდან იცილებს შრომითი ხელშეკრულების დადებას. აქედან გამომდინარე, თვითდასაქმებულთა ნაწილი მათი საქმიანობის რეალური შინაარსიდან გამომდინარე უნდა ექცეოდეს დაქირავებით დასაქმებულთა კატეგორიაში. გარდა ამისა თვითდასაქმებულთა ნაწილის საქმიანობა ისეთ სფეროებს უკავშირდება, რომელშიც სხვა დასაქმებულები დაქირავებით მუშაობენ და უკეთესი სამუშაო პირობები აქვთ. შესაბამისად ასეთი პირებიც წარმოადგენენ კვლევის ინტერესს.
კვლევაში გამოყენებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის მონაცემთა ბაზა – სამუშაო ძალის გამოკვლევა.