პროფკავშირებისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანიზებით, თოთხმეტამდე ქვეყნის პროფკავშირელ ლიდერებთან ერთად, ქვეყნის ღირსული შრომის პროგრამის მნიშვნელობაზე მსჯელობა მიმდინარეობს.
კონფერენციის დროის დიდი ნაწილი ქვეყნების მაგალითების განხილვას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პროცესში პროფკავშირების ჩართულობის მნიშვნელობას დაეთმო – როგორ უნდა მოხდეს შრომის საერთაშორისო კონვენციებისა და ვალდებულებების იმპლემენტაცია შრომის ბაზრის გამოწვევების გადასაჭრელად.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენელმა, მაგნუს ბერგემ შსო-ს საქმიანობისა და როლის შესახებ ისაუბრა. განმარტა სოციალური დიალოგის კონცეფციის, სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისიის, კონვენციების რატიფიცირების მნიშვნელობა.
კონფერენცია პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ გახსნა. ირაკლი პეტრიაშვილმა აღნიშნა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წვლილი სოციალური დაცვის და შრომითი ურთიერთობების თვალსაზრისით გაწეულ სამუშაოში. ქვეყნის განვითარების მთავარ საფუძვლად სოციალური დიალოგის, სამმხრივი პარტნიორობის, უსაფრთხო შრომის სტანდარტების, შესაბამისი კონვენციების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სრულყოფილად დანერგვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მზადყოფნა დასაქმებულთა უფლებების დაცვისა და გაძლიერების გზაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ირაკლი პეტრიაშვილის ინიციატივით, სემინარის მონაწილეებმა საერთო ფოტოთი სოლიდარობა გამოხატეს თბილისში გაფიცული ,,ევოლუშენ გეიმინგის” დასაქმებულებისადმი და ამ ბრძოლაში მშრომელებს გამარჯვება უსურვეს!
ქვეყნის ღირსეული შრომის პროგრამა მოიცავს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების რეგულირებას, როგორიცაა: სახელფასო პოლიტიკა, გაერთიანების თავისუფლება და კოლექტიური მოლაპარაკება, ქალთა შრომა, ბავშვთა შრომა, იძულებითი შრომა, დისკრიმინაცია, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სამუშაო ადგილებზე და ა.შ.