„დღევანდელ რეალობაში უნდა გავითავისოთ, რომ საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის მზად კანონის გარეშე გადავჭრათ გამოწვევები, რომლის წინაშეც საქართველოში ქალები დგანან და ასეთი პრობლემა სამწუხაროდ არაერთია. გვჭირდება გარკვეული მექანიზმები, რომ საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ საზოგადოებად, სადაც ქალისა და კაცის ხელფასებს შორის სხვაობა აღარ იარსებებს, თანაბრად გვეყოლება წარმოდგენილი ორივე სქესი ერთსა და იგივე პოზიციებზე, ცხოვრება ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობებით იქნება სავსე “- ასე ეხმაურება ირაკლი პეტრიაშვილი საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც გენდერული კვოტირების გაუქმებას გულისხმობს.
„ქალები ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტს და უდიდეს ძალას წარმოადგენენ. ბუნებრივია, რომ წარმომადგენლობაც შესაბამისი სჭირდებათ, იქნება ეს პოლიტიკა თუ სხვა, სადაც, ეს მექანიზმი მოქმედებს. დღევანდელ რეალობაში უნდა გავითავისოთ, რომ საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის მზად კანონის გარეშე გადავჭრათ გამოწვევები, რომლის წინაშეც საქართველოში ქალები დგანან და ასეთი პრობლემა სამწუხაროდ არაერთია.
მაგალითად, ქალების წარმომადგენლობა გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციებზე ისევ დაბალია. გენდერული სახელფასო სხვაობა 32 პროცენტამდეა. დედებს აქვთ განცდა, რომ გოგო შვილებს მეტ გამოწვევასთან გამკლავება მოუწევთ ცხოვრებაში, ვიდრე ბიჭებს. ეს ის მცირე ჩამონათვალია, რამაც შესაძლოა, არაერთ სხვა უფრო მასშტაბურ პრობლემებამდე მიგვიყვანოს, მაგალითად, გაზრდილ სელექციურ შობადობამდე, ფემიციდამდე და ა.შ.
ისევე როგორც ბავშვს, რომელსაც სიცხე აქვს და არ უნდა წამლის დალევა, უნდა დააძალო, რომ გამოჯანმრთელდეს, ჩვენც გვჭირდება გარკვეული მექანიზმები, რომ საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ საზოგადოებად, სადაც ქალისა და კაცის ხელფასებს შორის სხვაობა აღარ იარსებებს, თანაბრად გვეყოლება წარმოდგენილი ორივე სქესი ერთსა და იგივე პოზიციებზე, ცხოვრება ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობებით იქნება სავსე. სწორედ ამიტომ არის საჭირო გენდერული კვოტირება.
რაღაც დროის შემდეგ, შესაძლოა, აღარც დაგვჭირდეს კანონი, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩვენ არ ვართ მზად იმისთვის, რომ რეგულაციების გარეშე გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს. საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი კი, რომელიც გენდერული კვოტირების გაუქმებას გულისხმობს, კიდევ უფრო შეასუსტებს ქალების პოზიციებს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის პროცესში მათ ჩართულობას“ – განაცხადა პეტრიაშვილმა.