ირაკლი პეტრიაშვილი მსოფლიო პროფკავშირების გენერალური საბჭოს სხდომაზე იმ მნიშვნელოვან საკითხებსა და გამოწვევებზე მსჯელობს, რაც დასაქმებულ ადამიანებს საქართველოსა და მსოფლიოში აწუხებთ

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად, მსოფლიო პროფკავშირების (ITUC) ვიცე-პრეზიდენტი და აღმასრულებელი კომიტეტის ტიტულარული წევრი ირაკლი პეტრიაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც მსოფლიო პროფკავშირების (ITUC) გენერალური საბჭოს 32-ე შეხვედრა მიმდინარეობს.

სხდომაზე, რომელშიც პროფკავშირების მაღალი საერთაშორისო წარმომადგენლობა იღებს მონაწილეობას, მსოფლიო პროფკავშირების 2024 წლის სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ.

შეხვედრაზე, მსოფლიო პროფკავშირების წევრმა ლიდერებმა საერთაშორისო პროფკავშირული მოძრაობის გამოწვევებსა და მსოფლიოში მიმდინარე რეგიონული მნიშვნელობის საკითხები განიხილეს. მათ შორის, ისრაელი-პალესტინის შესახებ რეზოლუცია მომზადდა. ხელმძღვანელმა საბჭომ გამოხატა ღრმა შეშფოთება და მწუხარება ისრაელსა და პალესტინაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენებისა და ადამიანთა სიცოცხლის დაკარგვის გამო. ამასთან, ღაზაში მზარდ ჰუმანიტარულ ვითარებასა და მისი მძიმე გავლენაზე მშვიდობიან მოსახლეობაზე. საბჭომ ხაზი გაუსვა ჰუმანიტარულ საჭიროებებზე სწრაფ, სრულ, უსაფრთხო და შეუფერხებელ წვდომას. ის ასევე მიესალმა გენერალური დირექტორის პროგრამას დაზარალებული დასაქმებულებისა და დამსაქმებლებისთვის დაუყოვნებელი დახმარების თაობაზე და მოითხოვა უფრო დეტალური სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც განიხილება მარტში რათა მოგვარდეს არსებული კრიზისული სიტუაცია და მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს უზრუნველყონ ფინანსური რესურსები შსო-ს პროგრამისთვის ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიაზე.

ამასთან, იმსჯელეს: ახალი სოციალური კონტრაქტისა და მიგრანტების, დემოკრატიისა და სოციალური პარტნიორობის გამყარების, გლობალურ უფლებათა ინდექსში კოლექტიური მოლაპარაკებების ხაზგასმის შესახებ, პირდაპირ მხარდაჭერაზე წევრი ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ცდილობენ უზრუნველყონ მინიმალური საარსებო მინიმუმი და მინიმალური ხელფასის დაწესების საკითხი, უწყვეტ ადვოკატირებაზე: მშრომელთა უფლებების, დასაქმებისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე, შრომის სამყაროში ძალადობისა და შევიწროების აღმოფხვრაზე, ახალგაზრდების დასაქმების სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებზე,ბიუჯეტზე, საწევროს გაზრდის პროექტზე და ა.შ.

ირაკლი პეტრიაშვილმა, როგორც ერთ-ერთმა ლიდერმა, ყურადღება გაამახვილა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხსა და გამოწვევაზე, რაც დასაქმებულ ადამიანებს საქართველოსა და მსოფლიოში აწუხებთ. მათ შორის, ისაუბრა შრომის ბაზრის გამოწვევებზე, შრომის არათანაბარ ანაზღაურებაზე, მინიმალური ხელფასის განსაზღვრისა და შრომის უსაფრთხოების აუცილებლობაზე, ასევე, მშრომელთა უფლებების დაცვის დეფიციტზე რეგიონალური და გლობალური მასშტაბით და ამ კონტექსტში, მშრომელთა ძალის გაძლიერების მნიშვნელობაზე. ხაზი გაუსვა ყველა საკითხთან მიმართებით, რაზეც პროფკავშირები მუშაობს, ორგანიზაციების როლს და საქმიანობის მნიშვნელობას.

მსოფლიო პროფკავშირების (ITUC) გენერალური საბჭოს სხდომა ბრიუსელში 12 დეკემბერს დაიწყო და დღეს, 14 დეკემბერს დასრულდება.