გაფიცვის მესამე დღე ბათუმის პორტში

ბათუმის პორტში გაფიცვა გრძელდება, 12 თანამშრომელი შიმშილობას განაგრძობს.

ბათუმის პორტის გაფიცული თანამშრომლები უარყოფენ ადმინისტრაციის ბრალდებას, რომ ცალკეულმა თანამშრომლებმა, გემისთვის გზის გადაკეტვის მიზნით, ტერიტორია მცურავი საშუალებებით ჩახერგეს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი თენგიზ სურმანიძე აცხადებს, რომ დივერსიაზე საუბარი სასაცილოა.

„ჩვენთვის მართლაც ცნობილია, რომ გემმა ვერ მოახერხა გასვლა, თუმცა აქ რაიმე სახის დივერსიაზე საუბარი სასაცილოა. როგორ გავიდოდა გემი, როცა შიგნითაც და გარეთაც ყველა თანამშრომელი გაფიცულია და ყველა ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები ვართ, არ მუშაობენ არც ამწეებზე, არც მცურავ საშუალებებზე, ეს არის პროცესი, რასაც ჰქვია საერთო გაფიცვა და სამართალდამცველები უკეთესად გაარკვევენ ყველაფერს“, -განაცხადა თენგიზ სურმანიძემ.

ბათუმის პორტის შენობასთან წუხელ პოლიცია იყო მობილიზებული.

შსს-ს ცნობით, ბათუმის პორტის ადმინისტრაციამ პოლიციას აცნობა, რომ ცალკეულმა თანამშრომლებმა, გემისთვის გზის გადაკეტვის მიზნით, მცირე ზომის მცურავი საშუალებებით გარკვეული ტერიტორია ჩახერგეს.

მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ბლოკირებას გულისხმობს.

პორტის თანამშრომლები პირველ აპრილს გაიფიცნენ. ისინი მოსალოდნელ რეორგანიზაციას აპროტესტებენ.

მიუხედავად იმისა, რომ პორტის გენერალურმა დირექტორმა დანიარ მუხამედ-რახიმმა სპეციალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ პორტში დაგეგმილი რეორგანიზაცია შეჩერებულია, გაფიცულ თანამშრომლებს ეს განცხადება არ აკმაყოფილებთ და გენერალური დირექტორის გადადგომის მოთხოვნა ძალაში რჩება. ადგილობრივი პროფკავშირული ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რახიმი ცრუობს და მსგავსი დაპირებები დასაქმებულთათვის მას მანამდეც არაერთხელ მიუცია, თუმცა არასდროს შეუსრულებია. დღეს მოშიმშილეები აჭარის ჯანდაცვის მინისტრმაც მოინახულა. პროტესტს ბათუმის პორტის ყველა თანამშრომელი უერთდება.