მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფკავშირების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ეხმიანება  მიმდინარე წლის 21 ივლისს ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე , გადაცემა  ,,პოსტ სკრიპტუმში“ გასულ სიუჟეტს, სადაც გაშუქდა გასული წლის 9 მაისს ტყიბულის შახტში მომხდარი საწარმოო შემთხვევა, რომლის შედეგადაც ოთხი მეშახტე გადრაიცვალა. აღნიშნულ  საქმეზე მსჯავრდებული   იმ დროისთვის კომპანიის მთავრი მექანიკოსი და ამჟამად, ამავე კომპანიაში დასაქმებული პირი  ზურაბ სამაკაშვილი გადაცემაში საწარმოო შემთხვევის მიზეზად გარდაცვლილთა სიმთვრალეს ასახელებს, რაც წარმოადგენს სიცრუეს და ჩვენი ინფორმაციით, არ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით. მიგვაჩნია, რომ მისი მხრიდან ამგვარი განცხადება არის ამორალური და კანონსაწინააღმდეგო. შესაბამისად,  მოვუწოდებთ   ,,საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“  ხელმძღვანელობას შეისწავლონ ბატონი სამაკაშვილის განცხადება და დააყენონ მისი თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

ამასთან, მივმართავთ ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, დეტალურად, განმეორებით შეისწავლონ აღნიშნული საქმე, რათა გამოკვლეულ იქნას რატომ არ გამოიკვეთა საქმეში სხვა პასუხისმგებელი პირები, რატომ  მიესაჯა მსჯავრდებულს ასეთი მსუბუქი სასჯელი ორ  წლიანი პირობითი მსჯავრის სახით, განსაკუთრებით ასეთი მძიმე შედეგის დადგომის პირობებში და რატომ არ იმსჯელა სასამართლომ მისთვის დამატებითი სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების ან  საქმიანობის უფლების ჩამორთმევაზე, რომელსაც ასევე ითვალისწინებს  სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლი – სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.