მიმდინარეობს საიტის განახლება

ევროპის პროფკავშირები კოვიდ კრიზისსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობენ

ევროპის პროფკავშირებმა აღმასრულებელი კომიტეტის 16-ე შეხვედრა გამართა. პანდემია, მისი გავლენები ევროპაზე, დისკუსია ვაქცინაციის შესახებ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის კანდიდატურები და 190 კონვენცია – ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც ევროპის დასაქმებულთა უმსხვილესი გაერთიანებების წარმომადგენლები მსჯელობდნენ.

შეხვედრას ირაკლი პეტრიაშვილი ხელმძღვანელობდა – საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ევროპის პროფკავშირების არჩეული პრეზიდენტი. ონლაინ ჩართვაში მონაწილეობას იღებდა მსოფლიო პროფკავშირების გენერალური მდივანი შარან ბაროუ, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ როდესაც კოვიდ სიტუაცია მოგვცემს საშუალებას, სავარაუდოდ მომავალ წელს, მსოფლიო პროფკავშირების გენერალური საბჭოს სხდომა გაიმართება თბილისში.

კოვიდ კრიზისთან დაკავშირებით ირაკლი პეტრიაშვილმა შეხვედრაზე დააყენა საკითხი, რომ არალოგიკურია, როდესაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ცნობს ჩინურ ვაქცინებს  და ევროკავშირი ამას არ აღიარებს. მოქალაქეებს ექმნებათ პრობლემა, რაც აფერხებს ვაქცინაციის პროცესს და უარყოფითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად ჩვენს რეგიონში. აღნიშნული საკითხის დეტალური განხილვა მოხდება ევროკავშირში. შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე მიიღეს საერთო განცხადება ბელარუსთან დაკავშირებით, სადაც ხდება მოქალაქეების შევიწროება, როგორც კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით, ისევე პროფკავშირული ნიშნით.