მიმდინარეობს საიტის განახლება

„ევოლუშენ ჯორჯიაში“ გაფიცვის პარალელურად პროფკავშირმა ორი სასამართლო დავა მოიგო

„ევოლუშენ ჯორჯიაში“ გაფიცვის პარალელურად პროფკავშირების გაერთიანების იურისტმა  ორი სასამართლო დავა მოიგო.

ერთ შემთხვევაში, კომპანიამ უკვე მესამედ წააგო საკუთარ დასაქმებულთან დავა – უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე, რომელშიც დამსაქმებელი შრომის კანონმდებლობის გვერდის ავლით ურეგულირებდა დასაქმებულს სამუშაო დროსა და შვებულებით სარგებლობის წინაპირობებს, უცხადებდა საყვედურებს და ამით სოციალურად დაუცველ, მარტოხელა დედას დამატებითი შემოსავლის წყაროს უსპობდა (საქმის დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://gtuc.ge/profkavshiri-wevri-disciplinuri-saxdeli/ ). „ევოლუშენ ჯორჯიას“ მიერ წარდგენილი საჩივრები როგორც სააპელაციო, ისე უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ამგვარად, დამსაქმებლის მიერ დაკისრებული ორივე დისციპლინური სახდელი (breach) გაბათილდა.

რაც შეეხება მეორე საქმეს, „ევოლუშენ ჯორჯიას“ ერთ-ერთმა მენეჯერმა, დასაქმებულს, რომელიც, ამავდროულად, პროფკავშირის კომიტეტის წევრი და დასაქმებულთა წარმომადგენელია, სხვა წევრის უფლებების დაცვის გამო სასამართლოში უჩივლა.

უშუალო ხელმძღვანელმა ა.ბ-მ ერთ-ერთ ბანქოს მჩეხავს გ.ჯ.-ს, როდესაც ცუდად გახდა, გ.ჯ.-ს მოსაზრებით, არ გაუწია დახმარება, არ დაინტერესდა მისი მდგომარეობით და როგორც მისმა ზემდგომმა არც ის აუხსნა, რა შეიძლებოდა, გაეკეთებინა “დარღვევის” თავიდან ასაცილებლად. უფრო მეტიც, გ.ჯ.-ს განმარტება, რომ თითები სტკიოდა და ვეღარ შეძლებდა ბანქოს აჩეხვას, ა.ბ.-მ სამუშაოს შესრულებაზე უარად მიჩნია და 2022 წლის 28 დეკემბერს  დარღვევა დაუწერა. თუ დასაქმებული შრომისუუნაროა, მისი უფლებაა, უარი თქვას სამუშაოს შესრულებაზე, ეს არ წარმოადგენს სამუშაოს შესრულებაზე არასაპატიო მიზეზით უარის თქმას და, შესაბამისად, არც დისციპლინირების საფუძველს. ამასთან, ა.ბ.-ს სამუშაო აღწერილობის მიხედვით, მისი მოვალეობა იყო გუნდის წევრებისთვის უსაფრთხო, დაცული და კომფორტული სამუშაო გარემოს შენარჩუნება ისევე, როგორც ადამიანების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელება.

გ.ჯ.-მ დახმარების თხოვნით “ევოლუშენ ჯორჯიაში“ დასაქმებულთა პროფკავშირების ერთ-ერთ წარმომადგენელს ნიკოლოზ კატაპარიაშვილს მიმართა. მენეჯერმა მასთან საუბარზე უარი განაცხადა – “რას წარმოადგენს საერთოდ, რომ ვესაუბრო” – უთხრა გ.ჯ-ს. რის შემდეგაც  კატაპარიაშვილმა Evo-Facebook-ის ჯგუფში სტატუსი გამოაქვეყნა და სამართლებრივი დახმარების პირობა დასაქმებულს საჯაროდ მისცა.

დასაქმებულთან საუბრისა და პრობლემის აღმოფხვრის ნაცვლად, მენეჯერმა სტატუსი ცილისმწამებლურად მიიჩნია და ნიკოლოზ კატაპარიაშვილის წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართა.

ა.ბ-მ, როგორც უშუალო ხელმძღვანელმა, გარდა იმისა, რომ არ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, როგორც ხელმძღვანელმა და დასაქმებულის გასაჭირი არაფრად მიიჩნია, პირიქით, დარღვევა დაუწერა, ასევე, პროფკავშირის, როგორც დასაქმებულის ინტერესების წარმომადგენლის უფლებამოსილებებიც უგულებელყო.

სასამართლომ გაიზიარა პროფკავშირების გაერთიანების იურისტის, თამილა გაბაიძის არგუმენტები და ა.ბ.-ს სარჩელი არ დააკმაყოფილა.

როგორც ცნობილია, 12 ივლისიდან „ევოლუშენ ჯორჯიაში“ გაფიცვა მიმდინარეობს. გაფიცვის კონტექსტში აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რადგან: 1. საქმის გარემოებებითა და მტკიცებულებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა „ევოლუშენ ჯორჯიას“ მენეჯერების თვითნებობა, დაქვემდებარებულების ჩაგვრა და პროფკავშირისადმი მიუღებლობა; 2. გაფიცვის მოთხოვნები პროფკავშირთან თანამშრომლობასა და სამუშაო სივრცეში ექიმის არსებობასთან დაკავშირებით არა მხოლოდ სამართლიანი, არამედ, ფაქტობრივადაც საფუძვლიანია.