პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, წევრი ორგანიზაციების ლიდერებთან ერთად ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი მოადგილეებთან და გაერთიანების წევრი ორგანიზაციების ლიდერებთან ერთად ევროკავშირის ელჩს შეხვდა.

შეხვედრა დიდი ხნის მანძილზე იგეგმებოდა და მიზნად ისახავდა იმ გამოწვევებსა და მიღწევებზე საუბარს, რომელიც დასაქმებულებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი და აქტუალურია. განსაკუთრებით უნდა გამახვილებულიყო ყურადღება იმ სოციალურ საკითხებზე, რომელიც განიხილებოდა ევროინტეგრაციის პროცესში და გაფართოების დოკუმენტის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს არის პროფკავშირების მიერ წლების მანძილზე საერთაშორისო დონეზე დაყენებული ის ინიციატივები, რომელიც საბოლოოდ ამ დოკუმენტში აისახა და აწესრიგებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: მინიმალური ხელფასი, სოციალური დაცვა, უმუშევრობის შემწეობა, გენდერული უთანასწორობა, სოციალური დიალოგი და ა.შ. თუმცა, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის შესაბამისად, ცხადია, ვერცერთი მხარე საქართველოს პარლამენტში მიმდინარე კანონპროექტის შესახებ მსჯელობას გვერდს ვერ აუვლიდა.

ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა, თუმცა, საქართველომ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც ინტეგრაციას შეუწყობს ხელს და არა – პირიქით. ამიტომ, საქართველომ უნდა გამოიყენოს ის უნიკალური შანსი, რომელიც ქვეყანას ახლა ეძლევა გაფართოების კონტექსტში, ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.
კიდევ ერთხელ გამოითქვა იმედი, რომ არ მოხდება კანონპროექტის მიღება და ხელისუფლების მიერ არ გადაიდგმება ისეთი ნაბიჯები, რომელიც საკუთარი ქვეყნის ევროპულ მომავალს დააზიანებს.

შეხვედრაზე, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას და ისაუბრა მათი დახმარებით, ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ აქტივობებსა და მიღწევებზე. საუბარია, საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესებაზე, შრომის ინსპექციის აღდგენაზე და ზოგადად, იმაზე, რომ ინსტიტუციის გადარჩენა სწორედ ევროპელი და დასავლელი კოლეგების მხარდაჭერის დიდი დამსახურებაა. პროფკავშირები არის ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებული ორგანიზაცია და ჩვენთვის ევროპული გზა და არჩევანი მთავარია.

ევროკავშირის ელჩთან შეხვედრას პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეები: რაისა ლიპარტელიანი და ლავრენტი ალანია, საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე – ნუკრი ჭინჭარაული, მომსახურების სფეროს, კომუნალური და ბანკების მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე – აკაკი გვალია, მშენებელთა და ტყის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე – მარინა კურტანიძე, რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის თავმჯდომარე – ვიტალი გიორგაძე, ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე – ნატო შავლაძე, მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე – ბესიკ ხარატიშვილი, მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე – თემურ სურამელაშვილი და ნავთობისა და გაზის მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე – გოჩა კვიტატიანი ესწრებოდნენ.