მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ერთ კვირაში სამუშაო ადგილზე 3 ადამიანი გარდაიცვალა – პროფკავშირები სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

კიდევ ერთი უბედური შემთხვევა სამუშაო ადგილზე. მარნეულში მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. ფატალურად დასრულებული ტრაგედია ბოლო კვირაში რიგით მესამეა, ხოლო მეთორმეტეა 2020 წელს მომხდარ უბედური შემთხვევებს შორის. 12 გარდაცვლილი და 72 მძიმედ დაშავებული 5 თვეში, ეს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მონაცემებია, თუმცა აღსანიშნავია, რომ სტატისტიკა არ არის სრული და შემთხვევების რიცხვი კიდევ უფრო მეტია.

იმის მიუხედავად, რომ შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ზედამხედველ უწყებას „შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს“ საქართველოს ორგანული კანონის „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საფუძველზე მიეცა შეუზღუდავი მანდატი შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ზედამხედველობის განსახორცილებლად, პრობლემატურ საკითხად რჩება შრომის ინსპექტორთა რიცხოვნობა, რაც ხელის შემშლელი ფაქტორია ამ უწყების ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის, რაზეც მეტყველებს საწარმოო უბედური შემთხვევების სტატისტიკაც.

ერთ ერთი ნაკლოვანებაა ისიც , რომ შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი სამშენებლო კომპანიებს, ხშირ შემთხვევაში, ფორმალურად ჰყავს ან აღნიშნული სამუშაოს გაწევა დაევალა უკვე არსებულ თანამშრომელს. ეს ადამიანები კი ნაცვლად იმისა, რომ კონცენტრირებულნი იყვნენ შრომის უსაფრთხოების აღსრულებაზე, რეალურად ასრულებენ სრულებით სხვა მოვალებას.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) გაანგარიშებით ქვეყანაში ყოველ 20 000 დასაქმებულზე უნდა იყოს 1 შრომის ინსპექტორი. თუ გავითვალისწინებთ საქართველოში ხელშეკრულებით დასაქმებულთა და ინდ. მეწარმეთა რაოდენობას, საქართველოში სულ მცირე 83 შრომის ინსპექტორი უნდა გვყავდეს, თუმცა 30-ით შემოვიფარგლებით. აღნიშნულის გარდა კანონის აღსრულების ეფექტიანობისთვის მნიშვნელოვანი საკითხია ინსპექტორების რეგიონალური განაწილება. სამწუხაროდ შრომის ინსპექტორების დისლოკაციის ადგილი მხოლოდ დედაქალაქია.

დღემდე არ არის დარეგულირებული შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ზედამხედველი უწყებების – ქალაქების მერიის მუნიციპალური ინსპექციებისა და შრომის პირობების ინსპექტირების უფლებამოსილებების გამიჯვნის საკითხი.

ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მოხდეს, სამშენებლო სექტორში ჩართული დასაქმებულების ცნობიერების ამაღლება და გადამზადება შრომის უსაფრთხოების საკითხებში. მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ნაკლოვანებები შემაფერხებელი ფაქტორია შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის ეფექტური აღსრულებისთვის.