ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დაზარალებულ დასაქმებულთა სახელმწიფო დახმარება
„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“, 2020 წლის 23 მარტის N: 181 დადგენილების შესაბამისად: დაქირავებით დასაქმებული პირი, რომელმაც პირველი კვარტალის შემდეგ დაკარგა სამსახური ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, მიიღებს სახელმწიფო დახმარებას 200 ლარის ოდენობით 6 თვის განმავლობაში.
დაქირავებით დასაქმებული პირები:
„კომპენსაციის მიღება შეეძლებათ იმ დაქირავებულებს, რომლებსაც 2020 წლის პირველ სამ თვეში (იანვარი, თებერვალი, მარტი) ერთხელ მაინც აქვთ აღებული ხელფასი და ამის შესახებ მის დამქირავებელს საგადასახადო დეკლარაციასთან ერთად, შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ პირზე გაიცა ხელფასი.“
საწარმო ამ ინფორმაციას წარადგენს მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. დაზუსტებისთვის ვადა აქვს 20-დან 30 რიცხვამდე.
აღნიშნული დადგენილების ეფექტიანი დანერგვა პრაქტიკაში გარკვეულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული, კერძოდ:
- კომპენსაციის გაცემა დამოკიდებულია დამსაქმებლის მიერ ინფორმაციის წარდგენაზე, რასაც ხშირად დამსაქმებლები თავს არიდებენ.
- თუ დამსაქმებელი არ წარადგენს ამ ინფორმაციას ასეთ შემთხვევაში დამსაქმებლებისთვის არ არის გათვალისწინებული არავითარი სანქცია.
- არის შემთხვევები, როცა დამსაქმებელი ხელფასს რიცხავს დაგვიანებით, (მარტის ხელფასი ირიცხება აპრილში), ან რიცხავს წინა პერიოდის დავალიანებას, რაც დასაქმებულს, ავტომატურად აკარგვინებს დახმარებას.
- არასრული განაკვეთით, ან თუნდაც 1 დღით დასაქმება და ანაზღაურების მიღება ხდება საფუძველი იმისა, რომ დასაქმებული ამორიცხონ დახმარების მიმღებთა სიიდან.
- ის დასაქმებულები, რომლებიც კომპანიას არ გაუთავისუფლებია სამსახურიდან, მაგრამ ვერ ცხადდებიან სამუშაო ადგილზე ობიექტური გარემოებების გამო და ვერც ხელფასს იღებენ, რჩებიან დახმარების გარეშე. ასეთია მაგალითად 70 წელს გადაცილებული, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, რომელთაც სახელმწიფოსგან მიიღეს რეკომენდაცია – დარჩნენ სახლში.
- კომპანიები, რომლებმაც სრულად შეწყვიტეს საქმიანობა და შესაბამისად გაუშვეს ყველა დასაქმებული, ფიზიკურად ვერ შეავსებენ ფორმას, რომლის საფუძველზეც გაიცემა დახმარება.
- კომპენსაცია ეხება მხოლოდ მას, ვინც აპრილსა და მაისში დაკარგა სამსახური და არ მოიცავს იმ დასაქმებულებს, რომლებიც ამ კრიზისის მომდევნო თვეებში დაკარგავენ ანაზღაურებას. ასეთი შეიძლება ბევრი კომპანიის თანამშრომელი იყოს, რომლებსაც კომპანია საკუთარი დანაზოგიდან ჯერ კიდევ უხდიდა ხელფასს, თუმცა თუ მომდევნო თვეებში კომპანიამ, ვერ განაახლა სრული დატვირთვით მუშაობა ბუნებრივია, მოუწევს თანამშრომლების დათხოვნა. განსაკუთრებით ეს ეხება ტურიზმის სექტორში დასაქმებულებს, რადგან უცნობია ქვეყნის გახსნის შემდეგ რა დატვირთვით ამუშავდება ტურისტული ობიექტები.
თვითდასაქმებულები:
არაფორმალურ სექტორში დასაქმებულები და თვითდასაქმებულები, რომელბმაც დაკარგეს შემოსავალი, დასაბუთების შემთხვევაში, მიიღებენ ერთჯერად დახმარებას 300 ლარის ოდენობით.
შემოსავალების სამსახურში რეგისტრირებულ თვითდასაქმებულებს შედარებით მარტივად შეუძლიათ კომპენსაციის მიღება, არარეგისტრირებულებმა კი, დამატებით დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ. მათ უნდა შეავსონ განაცხადი საიტზე compensation.moh.gov.ge
არარეგისტრირებულ დასაქმებულთა პრობლემები:
ბაზრობის დახლზე მოვაჭრე პირი, რომელიც არ არის შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული გადამხდელი – უნდა წარადგინოს ბაზრობის ორგანიზატორის მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ აღნიშნული პირი 2020 წლის პირველ კვარტალში ვაჭრობდა მისი ბაზრობის ტერიტორიაზე და იხდიდა შესაბამის ქირას/იჯარას;
ამ შემთხვევაში თვითდასაქმებული სრულად დამოკიდებულია ბაზრობის ადმინისტრაციის კეთილ ნებაზე, რომ მან გასცეს ასეთი დოკუმენტი.
პირმა, რომელიც დღიურად აქირავებს კუთვნილ საცხოვრებელ ფართებს ბინების გაქირავების ელექტრონული პორტალების მეშვეობით (Airbnb.com, booking.com და სხვა) – უნდა წარადგინოს საბანკო ამონაწერი, სადაც გამოჩნდება შესაბამისი კომპანიიდან მიღებული შემოსავალი);
ის პირები, რომლებიც ბინას აქირავებდნენ არა დღიურად ან ელექტრონული პორტალის გარეშე ვერ მიიღებენ დახმარებას.
პირი, რომელიც ამზადებდა სუვენირებს და აბარებდა სუვენირების მაღაზიას, ან პირი, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქტს აბარებდა საცხობს/რესტორანს – უნდა წარადგინოს შესაბამისი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი (შესყიდვის აქტი, მიღება ჩაბარების აქტი);
პირი, რომელიც მუშაობს ძიძად, ხელოსნად, დამლაგებლად ან სხვა მსგავსი ტიპის სამუშაოზე – კომპენსაციას მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარადგენს გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული სერვისის მიმწოდებელი/საშუამავლო კომპანიიდან ცნობას, ვისი მეშვეობითაც 2020 წლის 1 აპრილამდე მოხდა მისი დამსაქმებელთან დაკავშირება;
საგულისხმოა, რომ ამგვარი დასაქმება თითქმის სრულად ხდება სანაცნობო წრის საშუალებით და არავინ იყენებს ოფიციალურ საშუამავლო კომპანიებს. აქ საუბარია არაფორმალურ დასაქმებაზე და შესაბამისად დასაქმების გზებიც არაფორმალურია.
საარსებო შეწეობა:
6 თვეში საშუალოდ 600 ლარიან დახმარებას მიიღებენ ოჯახები, რომლებსაც აქვთ:
- 65 000-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულა (70 ათასი ოჯახი -190 ათასი მოქალაქე). ხარჯი 45 მილიონი ლარი. აქამდე 65 000 ქულამდე იღებდნენ შემწეობას. აქ საუბარია ოჯახის დახმარებაზე და თვეში გამოდის 100 ლარი ოჯახზე;
- 0-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულა და ჰყავთ 3 და მეტი 16 წლამდე შვილი (21 000 ოჯახი. 130 000 მოქ). ხარჯი 13 მილიონი ლარი;
- მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (40 ათ მოქალაქე)ხარჯი 25 მილიონი ლარი.
ელექტრონული ბიულეტენი დაზარალებულ დასაქმებულთა სახელმწიფო დახმარების შესახებ