DHL უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომლებს 2 წლის სახელფასო კომპენსაციას გადაუხდის

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2021 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა პროფკავშირების გაერთიანების საკასაციო საჩივარი და შპს „ჯორჯიან ექსპრესს“ (იგივე DHL) დააკისრა სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო თანამშრომლების სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა 2 წლის ხელფასის ოდენობით.

ე.კ., ს.კ. და თ.მ. დასაქმებულები იყვნენ შპს „ჯორჯიან ექსპრესში“ სხვადასხვა პოზიციაზე. 2015 წლის დეკემბრის ბოლოს, უვადო შრომით ურთიერთობაში მყოფი მოსარჩელეები  სამსახურიდან გათავისუფლდნენ ე.წ. რეორგანიზაციის საფუძვლით. რეალურად მათთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად ედო სოციალურ ქსელ Facebook-ში კომპანიის მენეჯმენტისთვის არასასურველი პოსტის მოწონება, რის თაობაზეც ინდივიდუალურ საუბრებში განუცხადა ხელმძღვანელობამ, თუმცა ოფიციალურად მათ გათავისუფლებას რეორგანიზაცია დაედო საფუძვლად.

თბილისის საქალქო სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს მიერ გათავისუფლების ბრძანებები ბათილად იქნა ცნობილი, თუმცა კომპენსაციის სახით განისაზღვრა 1 წლის შრომის ანაზღაურება. საქართველოს უზენაესის სასამართლოს მიერ შეცვლილ იქნა გადაწყვეტილება კომპენსაციის ოდენობის ნაწილში და განისაზღვრა 2 წლის ხელფასის ოდენობით.

დასაქმებულთა ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირების გაერთიანების იურისტები თამარ სურმავა და მირანდა მანდარია იცავდნენ.