მიმდინარეობს საიტის განახლება

დღეს ღირსეული შრომის საერთაშორისო დღეა!

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, ღირსეული შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს, მთავრობას და პრეზიდენტს  მიმართავს :

,,მსოფლიო პროფკავშირული მოძრაობა უკვე მე-10 წელია, ყოველი წლის 7 ოქტომბერს, „ღირსეული შრომის“ საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რომელიც წელს ერთიანი მოწოდებით „შევცვალოთ წესები“ გაიმართება. შრომა და მშრომელი ადამიანის ღირსეული შრომის პირობები ცივილიზებული სამყაროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და ის პროფკავშირული მოძრაობის მრავალწლიანი თავდადებული და შეუპოვარი ბრძოლით მიიღწევა. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა, სადაც პროფკავშირული მოძრაობა უკვე საუკუნეზე მეტი ხნის ისტორიას ითვლის და 21-ე საუკუნეშიც კვლავ შრომა, შრომითი ურთიერთობები, ღირსეული შრომის პირობები, ჩვენი ქვეყნისათვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება.

სამწუხაროა, რომ საქართველო ჯერ კიდევ შორსაა ღირსეული შრომის საერთაშორისო სტანდარტებისგან, სახელმწიფოს და ბიზნესის დამოკიდებულება, საზოგადოების  ცნობიერება და ინფორმირებულობა, ისევე როგორც შრომის მოქმედი კანონმდებლობა საჭიროებს შემდგომ დახვეწას, ჰარმონიზაციას მსოფლიო სტანდარტებთან და დაახლოებას საერთაშორისო დემოკრატიულ ფასეულობებთან.

2013 წელს, ახალი შრომის კოდექსის მიღება საქართველოში დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების ათვლის წერტილად უნდა ქცეულიყო. თუმცა მიღებულმა კანონმა ვერ შეცვალა დამსაქმებელთა ქცევის წესები. მრავალი ნორმა, რომელსაც დასაქმებულთა მდგომარეობა უნდა გაეუმჯობესებინა, დღემდე არ მუშაობს და ამის მთავარი მიზეზი აღსრულების ეფექტური მექანიზმის არარსებობაა.

პასუხისმგებლიანი სახელმწიფო თავისი ინსტიტუციებით, იმის გარდა, რომ აქტიურ პროპაგანდას უნდა უწევდეს ბიზნესის მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის ზრდას, უნდა ქმნიდეს არაკეთილსინდისიერი დამსაქმებლისგან დასაქმებულების დაცვის მექანიზმებს.

თქვენთვის კარგად არის ცნობილი ამ მიმართულებით არსებული პრობლემები. კერძოდ:

მხოლოდ ბოლო ერთი წლის მანძილზე ქვეყნის სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორში, უშუალოდ სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 41 ადამიანი. მიმდინარე წლის მარტში პარლამენტმა დაამტკიცა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ძალაში აგვისტოდან შევიდა. აღნიშნულმა კანონმა მომავალში დასაქმებულთათვის უსაფრთხო შრომის უზრუნველყოფაში  პოზიტიური როლი უნდა ითამაშოს, მაგრამ ვიდრე კანონი არ გამყარდება აღსრულების ძლიერი მექანიზმით რეალური შედეგების მოლოდინი ნაადრევია.

კანონის მიღების შემდგომ პერიოდს უკავშირდება ტრაგედია ტყიბულში. ამ ერთმა ქალაქმა ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში 14 ადამიანი დაკარგა. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეიქმნა, ჯერ კიდევ არ არის საკმარისი ქვეყნის სრული მასშტაბით დასაფარად. ამასთან ინსპექცია არსებობს მხოლოდ დეპარტამენტის დონეზე. შრომის ინსპექცია უნდა იყოს ქვეყანაში ერთ-ერთი ძლიერი ინსტიტუტი, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით და დამოუკიდებელი სტრუქტურით. უნდა აღინიშნოს, რომ კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ მოიცავს მხოლოდ უსაფრთხოების ნაწილს და არ ეხება შრომით უფლებებს. შრომის კოდექსში გაწერილი მნიშვნელოვანი უფლებები როგორიცაა:  შრომის ნორმირებული დრო, ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება, 24 სამუშაო დღით განსაზღვრული შვებულება, დეკრეტული შვებულების უფლება და ა.შ. საჭიროებს კონტროლს სახელმწიფოს მხრიდან. მაღალი უმუშევრობის დონიდან და სამუშაო ძალის მიწოდების სიჭარბიდან გამომდინარე დამსაქმებელი ხშირად ბოროტად იყენებს მის ხელთ არსებულ ძალაუფლებას და არღვევს დასაქმებულთა შრომით უფლებებს. დასაქმებულები სამსახურის დაკარგვის შიშით თავს იკავებენ მიმართონ სასამართლოს, სადაც  გადაწყვეტილების მიღების პროცესი 2-3 წელი გრძელდება, ვინაიდან არ არსებობს შრომის უფლებებზე სპეციალიზებული სასამართლო.

საქართველოში კვლავ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობა რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად სამუშაო ძალის 14%-მდეა უმუშევარი, დასაქმებულთა ნახევარზე მეტი თვითდასაქმებულია და მათი უმეტესობის შემოსავალი არ აჭარბებს 300 ლარს. მიუხედავად ამისა, ოფიციალურად  დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1103 ლარია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ქვეყანაში დიდია უთანასწორობა. უთანასწორობის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში კვლავ ბოლოდან მეორე ადგილზეა. შემოსავლების არათანასწორი გადანაწილება განაპირობებს ქვეყანაში არსებული სიღარიბის მაღალ დონეს.  მოსახლეობის 20% ოფიციალურად კვლავ ღარიბია, ხოლო 12% სიღარიბის ზღვარს მიღმაა.

უმუშევრობის პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფოს ძალისხმევა კვლავ არასათანადოა. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელია მოსახლეობა გამოკითხვებში ნომერ პირველ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს, ბიუჯეტიდან დასაქმების პოლიტიკაზე გამოყოფილი თანხა მიზერულია. უკანასკნელ წლებში შრომის სამინისტროს დასაქმების დეპარტამენტმა დაიწყო ისეთი პროგრამების განხორციელება, როგორიცაა: სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა; ხელფასის სუბსიდირების პროგრამა და ა.შ. მაგრამ ამ პროგრამებისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი იმდენად მცირეა, რომ  არათუ სამუშაოს მაძიებელთა დასასაქმებლად, არამედ  უმუშევართა 1%-ის გადასამზადებლადაც კი არ არის საკმარისი.

სიღარიბის მაჩვენებლის გაღრმავებას ხელს უწყობს პროგრესული გადასახადის არარსებობა და მინიმალური ხელფასის სიმბოლური ოდენობა. საქართველოს ხელისუფლება არ ატარებს შრომის ღისეული ანაზღაურების წახალისების პოლიტიკას. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო ინვესტიციების მოზიდვას მხოლოდ სამუშაოზე დაბალი დანახარჯებისა და მინიმალური ხელფასის არარსებობის რეკლამირებით ცდილობს.  უკვე 2 წელზე მეტია მინიმალური ხელფასის საკითხი დაყენებულია სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაზე განსახილველ საკითხთა შორის, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კომისია ყოველ კვარტალში ერთხელ მაინც უნდა იკრიბებოდეს, შეხვედრების ჩატარების ინტენსივობა ბევრად დაბალია. ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ქვეყნის მასშტაბით დასაქმებულ მამაკაცისა და ქალის ხელფასებს შორის არსებული სხვაობა, რის გამოც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ ყოველწლიურ სესიაზე განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია საქართველოში არსებულ მდგომარეობას და დღის წესრიგში დააყენა სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება საკანონმდებლო დონეზე, რათა ცნოს და შეიმუშაოს თანაბარი შრომის თანაბარი ანაზღაურების კონცეფცია.

პარლამენტმა მიმდინარე წელს დაამტკიცა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი, რომელზეც პროფკავშირები დამოუკიდებლად მუშაობდა და საკუთარი პროექტი წარუდგინა მთავრობას. უპირველესად ეს არის საბაზისო პენსიის ინდექსაცია საშუალო ხელფასის ზრდის პროპორციულად, რაც ნიშნავს იმას, რომ პენსია ყოველ წელს 8-10%-ით გაიზრდება. ასევე აღსანიშნავია თვითდასაქმებულებისათვის დაგროვებითი პენსიის სქემაში ჩართვის უფლების მოპოვება.

კვლავ აქტუალურია პროფკავშირული ნიშნით დასაქმებულთა დევნა. განსაკუთრებით თვალში საცემია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ კომპანიებში, „საქართველოს რკინიგზა“ და „საქართველოს ფოსტა“, სადაც სახელმწიფო კონკრეტულ კომპანიაში, მაგალითს უნდა აძლევდეს სხვა დამსაქმებლებს, მაგრამ ის ყველა ღონეს ხმარობს, რომ შეავიწროოს პროფკავშირები და შელახოს დასაქმებულთა შრომითი უფლებები.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება თვლის, რომ აუცილებელია დაჩქარდეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირსეული შრომის უფლების ვალდებულების შესრულება, რაც უნდა გამოიხატოს შემდეგ მოქმედებებში:

  • შრომის ინსპექციის სრული მასშტაბით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 81-ე კონვენციის შესაბამისად ამუშავება;
  • საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი მინიმალური ხელფასის შემოღება;
  • საშემოსავლო გადასახადის უნივერსალური განაკვეთიდან, უფრო სამართლიან, პროგრესულ გადასახადზე გადასვლა;
  • უმუშევრობის დაზღვევის სქემის შექმნა;
  • დაგროვებითი პენსიის სისტემაში სოლიდარობის ელემენტების შეტანა  სოლიდარობის ფონდის სახით;
  • ეროვნულ, რეგიონულ და სექტორულ დონეზე სოციალური დიალოგის განვითარება;
  • გაერთიანების თავისუფლების დაცვა და კოლექტიური მოლაპარაკებების უფლების დაცვა;
  • შრომის კოდექსში ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა, როგორიცაა: 40 საათიანი სამუშაო კვირის და დღეში ნორმირებული საათების ოდენობის განსაზღვრა; ყოველკვირეული დასვენების დროის განსაზღვრა; ღამით ნამუშევარი საათების ანაზღაურების ნორმირებულზე მეტი ტარიფით განსაზღვრა; დეკრეტული შვებულების პერიოდის სრულად ანაზღაურება კერძო სექტორშიც, ქალთა შრომითი უფლებების დაცვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ა.შ.

სოლიდარობა იყო და ყოველთვის იქნება დასაქმებულთა გაერთიანებების მთავარი მამოძრავებელი ძალა. სოლიდარობითა და ჯანსაღი სოციალური პარტნიორობით მიიღწევა უსამართლო კანონისა თუ არსებული წესის შეცვლა. ამიტომ – „ერთად შევცვალოთ წესები!“

 

საქართველოს პროფესიული კავშირების

გაერთიანების თავმჯდომარე

ირაკლი პეტრიაშვილი