სუპერმარკეტ კარფურის წინ, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების პროტესტი და სოლიდარობის აქცია გაიმართა. (“ქართული სახლის” (დელისიას) ხორცპროდუქტების გასაყიდი დახლები, კარფურის ქსელშია განთავსებული)
დასაქმებულთა მოთხოვნებია: სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა, ჯარიმის სახით დაკისრებული თანხის დაბრუნება და შრომის პირობების გაუმჯობესება.
შეგახსენებთ, ,,ქართული სახლის’’ დასაქმებულებმა ხელფასების სისტემატიური დაგვიანება გააპროტესტეს და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული და სხვა პრობლემების მოსაგვარებლად, მოლაპარაკებების დაწყების მიზნით, მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს და მოითხოვეს მედიატორის დანიშვნა.
მედიაციის პროცესი პრაქტიკულად უშედეგოდ დასრულდა – „ქართულმა სახლმა“ (დელისიამ) სამსახურიდან გაათავისუფლა კოლექტიური დავის მონაწილე 4 თანამშრომელი, დასაქმებულთა ნაწილი კი დააჯარიმა ხელფასის 49%-ის ოდენობით.
2020 წლის 9 ნოემბერს დასაქმებულებმა კანონიერი გაფიცვა წამოიწყეს და კომპანიის ერთ-ერთ მაღაზიასთან საპროტესტო აქცია გამართეს.
დღის ბოლოს კომპანიამ კანონიერი გაფიცვის 13 მონაწილე სამსახურიდან გაათავისუფლა.
იმავე დღეს კომპანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გაფიცულთა გათავისუფლების გადაწყვეტილება უკან წაიღო და აღნიშნული მენეჯერის არაინფორმირებულობას დააბრალა.
პროფკავშირები და ,,ქართული სახლის” ყოფილი დასაქმებულები აპირებენ, რომ დავა სასამართლოში გაგრძელდეს, ხოლო პარალელურად გაგრძელდება აქციები კომპანიის წინააღმდეგ, მანამ სანამ გაფიცულთა მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება.