დარღვევები ბათუმის მშენებლობის ინსპექტირებისას

ბათუმში სამშენებლო ობიექტებზე ჩატარებული შრომის ინსპექტირებისას პროფკავშირებმა მნიშვნელოვანი დარღვევები აღმოაჩინეს.

ინსპექტირება ჩატარდა შპს „დარ ბილდინგში“ და შპს „ბათმშენში“, სადაც შრომის უსაფრთხოების ნორმების იდენტური დარღვევები გამოვლინდა. კერძოდ, დასაქმებულებს არ ეცვათ სპეც. ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩაფხუტები. სამშენებლო ობიექტზე არსებულ აივნებს და კიბეებს  არ ჰქონდათ დროებითი დამცავი მოაჯირები. შრომის უსაფრთხოების პირობები კანონით დადგენილ სტანდარტებს არცერთ ობიექტზე არ შეესაბამებოდა.

ინსპექტირება ასევე ჩატარდა შპს “ ანაგი“ -ს მიერ წარმოებულ სტადიონის მშენებლობაზე . სამშენებლო ობიექტზე მყოფმა უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა და ამავე კომპანიის მენეჯერმა ობიექტის შიდა პერიმეტრის დათვალიერების უფლება პროფკავშირების იურისტს და შრომის ინსპექტორს არ მისცეს. მათ მიერ მოხდა გასაუბრება კომპანიის წარმომადგენლებთან, რომლებიც აცხადებენ, რომ სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოები შესაბამისობაშია კანონით დადგენილ უსაფრთხოების სტანდარტებთან.

თუმცა შრომის ინსპექტორების მიერ გარე პერიმეტრის დათვალიერებისას, მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულებს ეცვათ სპეც. ტანსაცმელი, ჩაფხუტები, მაინც შეიმჩნეოდა გარკვეული ტიპის შეუსაბამობა უსაფრთხოების პირობების სტანდარტებთან. კერძოდ, იმ დასაქმებულებს ვინც სიმაღლეზე მუშაობდა არ ჰქონდათ სპეც. ქამრები.

შეგახსენებთ, ამ ობიექტზე 12 სექტემბერს ერთი დასაქმებული დაშავდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. როგორც ცნობილია, უბედური შემთხვევა, სავარაუდოდ გამოწვეულია, ამწეს არასწორი მოქმედებით.  ამწეს სამუშაოებს კი სამშენებლო ობიექტზე აწარმოებს სხვა კომპანია.

ინსპექტირება 13 სექტემბერს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შრომის ინსპექტორმა პაატა ნინუამ და ამავე ორგანიზაციის იურისტმა ანა ჩაფიძემ ჩაატარეს.