ასამბლეა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტმა ირაკლი პეტრიაშვილმა – ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი სიტყვებით გახსნა და ტყვეობაში მყოფ ექიმს, მაღალი საერთაშორისო ტრიბუნიდან სრული სოლიდარობა გამოუცხადა.
აღსანიშნავია, რომ ასამბლეაში 40 მდე ქვეყნის 100 ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს. დღეს საერთაშორისო პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს 2020-2024 წლების პოლიტიკა უნდა განსაზღვრონ და სამოქმედო გეგმა დაამტკიცონ, აგრეთვე ოთხი წლის ვადით აირჩევენ პრეზიდენტს. ამ თანამდებობას 2015 წლიდან, სრული მხარდაჭერით არჩეული ირაკლი პეტრიაშვილი იკავებდა. ასამბელაზე აირჩევენ რვა ვიცე პრეზიდენტსაც.
პროფკავშირების კონფედერაციის პან-ევროპული ორგანიზაცია ევროპის კონტინენტის ყველა ქვეყნის პროფკავშირებს აერთიანებს, მათ შორის, პროფკავშირებს ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნებიდან და მილიონობით დასაქმებულის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. ორგანიზაციაში 65 მილიონი წევრი და 39 სხვადასხვა ქვეყნის მოქმედი პროფკავშირია გაერთიანებული. ეს არის ერთ ერთი ყველაზე გავლენიანი და ანგარიშგასაწევი მშრომელთა გაერთიანება მთელ მსოფლიოში. იგი დაკავებულია ევროპის შრომის პოლიტიკის განსაზღვრით, დასაქმებულთა უფლებებისა და ღირსეული პირობებით უზრუნველყოფის საკითხებით და შრომის უსაფრთხოებაზე ზრუნვით.