პროფკავშირებმა საპროტესტო აქცია 5 თებერვალს, საქართველოს პარლამენტში ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონპროექტის საკომიტეტო განხილვას დაამთხვიეს. აქცია პერფორმანსი პარლამენტის შენობის წინ სწორედ იმ დროს დაიწყო, როდესაც დეპუტატებმა არასამთავრობო სექტორისა და პროფკავშირების წარმომადგენელთა მონაწილეობით მსჯელობა გახსნეს, თუმცა დაწყებიდან რამდენიმე წუთში, პარლამენტში პროფკავშირების წარმომადგენლის გამოსვლის შემდეგ, განხილვა მმართველი პარტიის წარმომადგენეთა მოთხოვნით შეწყდა და ერთი კვირით გადაიდო.
ოფიციალური განმარტებით, განხილვის გადადება აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის პოზიციების შეჯერებისთვისაა საჭირო.
საკომიტეტო განხილვის გადადებას, გამაფრთხილებელი აქციაზე გავლენა არ მოუხდენია (თუ პირიქით არა) და პარლამენტის შენობის გარეთ გაგრძელდა.
მთავარი მიზანი, საკანონმდებლო ორგანოსთვის გაერთიანების პოზიციის შეხსენება იყო- რომ კანონპროექტი, რომლის მიღებასაც გეგმავენ, შორსაა სრულყოფილებისგან და ბოლო პერიოდში საგრძნობლად ასე ვთქვათ ‘გამოიშიგნა’ პროფკავშირებისთვის პრინციპული საკითხებისგან. მათ შორის:
1. კანონის მოქმედების სფერო, რამდენადაც წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით იგი ვრცელდება მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე და დასაქმებულთა ძირითადი ნაწილი კვლავ უსაფრთხო შრომის პირობებით უზრუნველყოფის გარეშე რჩება. მითუმეტეს, რომ პროექტი არ შეიცავს არანაირ დათქმას კონკრეტული ვადის შესახებ, როდესაც ის სრული მოცულობით უნდა გავრცელდეს ყველა დასაქმებულზე;
2. პროექტი ეხება მხოლოდ შრომის უსაფრთხოებას და ყოველგვარი რეგულირების გარეშე ტოვებს შრომის კანონმდებლობისა და შრომის უფლებების აღსრულების საკითხს;
3. შრომის ინსპექტორებს, ბევრ შემთხვევაში, კვლავ არა აქვთ უპირობო დაშვება სამუშაო ადილებზე, იმ შემთხვეაშიც კი თუ შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევაზე მათ უშუალოდ მიმართავენ დასაქმებულები;
აქედან გამომდინარე კანონპროექტი კვლავ შეუსაბამოა შრომის საერთაშორისო სტანდარტებთან და არ გვთავაზობს ინსპექტირების რეალურად ეფექტურ მექანიზმს.
აქციის ორგანიზატორებმა მოუწოდეს საქართველოს პარლამენტს შექმნან და აღასრულონ კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მშრომელთა ღირსეულ შრომას, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.