უკვე მეექვსე თვეა აგარაში, შაქრის მწარმოებელი უმნიშვნელოვანესი საწარმო გაჩერებულია, რის გამოც დაბაში მცხოვრები 500-მდე ოჯახი შიმშილის ზღვარზეა.
საწარმოს გაჩერების მიზეზები ბუნდოვანია, თუმცა კომპანიისგან მიღებული ოფიციალური პასუხით ირკვევა, რომ ქართული შაქარი მზარდ, დაბალ ხარისხიან იმპორტულ პროდუქციას კონკურენციას ვეღარ უწევს და შესაბამისად ქარხანა მომგებიანი აღარ არის.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას, ხელისუფლებასთან ჯანსაღი კომუნიკაციის არაერთი მცდელობა ჰქონდა. მათ შორის გაერთიანებამ წერილობით მიმართა საქართველოს პრემიერსა და ჯანდაცვის მინისტრს, ბიზნეს ომბუცმენს და სხვადასხვა უწყებებს, თუმცა სამწუხაროდ წერილები უპასუხოდ დარჩა, რაც ნათელს ხდის ფაქტს, რომ ხელისუფლების მხრიდან ამ პრობლემის მოგვარებისათვის არათუ მზაობა, არამედ ჩამოყალიბებული ხედვაც კი არ არსებობს.
პროფკავშირების მხრიდან იყო სამმხრივ ფორმატში დიალოგის მცდელობაც თუმცა, დამსაქმებელი აღნიშნულ შეთავაზებაზე არ ავლენს ადეკვატურ რეაქციებს.
ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც ქარხნის მეპატრონემ, კომპანიის ტერიტორიაზე, სადაც განთავსებულია შაქრის წარმოებისთვის საჭირო დანადგარები, ე.წ კრიპტო ვალუტის „ბიტკოინის“ გამომუშავება დაიწყო, რამაც გამოიწვია ეჭვი, რომ შაქრის წარმოებამ უკანა პლანზე გადაინაცვლა. სწორედ ამიტომ გუშინ “აგარის შაქრის” თანამშრომლებმა, ქარხნის პიკეტირება მოახდინეს.
საქართველოს პროფკავშირები ბრძოლას დასაქმებულებთან ერთად განაგრძობს, თუმცა ნათელია, რომ რაც უფრო მეტად დაგვიანდება ადეკვატური ნაბიჯები ხელისუფლებისა და დამსაქმებლების მხრიდან, მით უფრო მძიმე შედეგებს და რადიკალურ პროტესტს მივიღებთ, რითაც დაზიანდება სამმხრივი ინტერესები.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, საქართველოს პრემიერ მინისტრს ბ.ნ გიორგი კვირიკაშვილს, დაუყოვნებლივ ჩაერთოს პროცესში და გამოავლინოს სოციალური და პოლიტიკური პასუხიმგებლობა ქვეყნის 500 მდე მოქალაქის მიმართ, რომელთა ერთად ერთი სურვილიც ქარხნის ამუშავებაა.