AFL-CIO-ს 30-ე კონსტიტუციურ ყრილობაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მსოფლიოში შრომითი უფლებებისა და პროფკავშირული თავისუფლებების დაცვის საკითხებს.
ყრილობის ფარგლებში დელეგატებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს სოლიდარობა ბელარუსის დამოუკიდებელი პროფკავშირების მიმართ და მოითხოვეს ქვეყანაში შრომითი და პროფკავშირული უფლებების სრულფასოვანი აღდგენა.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღიარება — ჯორჯ მინისა და ლეინ კირკლენდის სახელობის ადამიანის უფლებათა ჯილდო (George Meany–Lane Kirkland Human Rights Award) — ბელარუსის დამოუკიდებელ პროფკავშირულ მოძრაობას გადაეცა. ჯილდო ბელარუსი პროფკავშირელების სახელით მიიღეს ორგანიზაციის ლიდერებმა, მათ შორის იმ პირებმა, რომლებიც სულ ახლახან გათავისუფლდნენ ლუკაშენკოს რეჟიმის პატიმრობიდან. ამასთან, ბელარუსი პროფკავშირული აქტივისტების ნაწილი კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება.
ამავე ჯილდოთი დაჯილდოვდა მინესოტის AFL-CIO, ადამიანის უფლებების, მუშაკთა და იმიგრანტთა უფლებების დაცვის, სოლიდარობის კამპანიების ორგანიზებისა და დაზარალებული დასაქმებულების სამართლებრივი მხარდაჭერისთვის. მინესოტის პროფკავშირელების საქმიანობა ყრილობის მონაწილეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს და მათ ხანგრძლივი ოვაციებით მიაგეს პატივი.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება სოლიდარობას უცხადებს ბელარუს და ამერიკელ კოლეგებს და კვლავ აქტიურად გააგრძელებს საერთაშორისო პროფკავშირული სოლიდარობისა და შრომითი უფლებების დაცვის კამპანიებში მონაწილეობას.