ავტორი: გიორგი ჭანტურიძე
მსოფლიოში დასაქმებულთა ნახევარზე მეტი არაფორმალურად მუშაობს. ILOSTAT-ის მონაცემებით, 2025 წელს მათი წილი 57.9% იყო.[1]
აღნიშნული საკითხი საკმაოდ მწვავედ დგას საქართველოშიც, სადაც არასასოფლო-სამეურნეო სფეროში დასაქმებულთა 28.3% არაფორმალურადაა დასაქმებული. რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, ამ დარგში დასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა არაფორმალურად მუშაობს.[2]
არაფორმალური დასაქმება განსაკუთრებით მაღალია თვითდასაქმებულებში. საქართველოში დასაქმებულთა თითქმის მესამედი თვითდასაქმებულია. 2025 წელს მათი წილი 30.7% იყო, რაც დაახლოებით 426.3 ათას ადამიანს შეადგენს. ხუთ წელიწადში ეს მაჩვენებელი შემცირდა, თუმცა ეს შემცირება თვითდასაქმებულთა რაოდენობის შემცირებამ კი არა, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის უფრო სწრაფმა ზრდამ გამოიწვია.
არაფორმალური დასაქმების მხრივ დაქირავებულებსა და თვითდასაქმებულებს შორის დიდი სხვაობაა. 2025 წელს არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში არაფორმალურად მუშაობდა დაქირავებულთა 22.7% და თვითდასაქმებულთა 49.6%.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ თვითდასაქმება დასაქმების სტატუსია, ხოლო არაფორმალური დასაქმება რამდენიმე კრიტერიუმის ერთობლიობა. დასაქმებული არაფორმალურად ითვლება, თუ ამ კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც აკმაყოფილებს – მაგალითად, ხელფასიდან არ იხდის საშემოსავლო გადასახადს, არ სარგებლობს ანაზღაურებადი ყოველწლიური ან ავადმყოფობის შვებულებით, დამსაქმებელი არ იხდის საპენსიო შენატანს, ან საწარმო რეგისტრირებული არ არის. თუმცა, როგორც ამაზე ციფრები მეტყველებენ, ეს ორი მაჩვენებელი ერთმანეთთან ხშირად იკვეთება. 2025 წელს არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში 210.6 ათასი დაქირავებული და 118.9 ათასი თვითდასაქმებული იყო არაფორმალურად დასაქმებული. შესაბამისად, თვითდასაქმებულებში არაფორმალურობის წილი უფრო მაღალია, მაგრამ არაფორმალურად დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში დაქირავებულები ჭარბობენ.
სოფლის მეურნეობა სურათს მნიშვნელოვნად ცვლის. მისი ჩათვლით თვითდასაქმებულთა არაფორმალურობის წილი 71.6%-მდე იზრდება. სოფლის მეურნეობის დამატებით არაფორმალურად დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის დაახლოებით 85% თვითდასაქმებულებზე მოდის.
დიდია განსხვავება სოფელსა და ქალაქს შორისაც. არასასოფლო-სამეურნეო თვითდასაქმებულებში არაფორმალურად მუშაობდა სოფლად მცხოვრებთა 60.9% და ქალაქად მცხოვრებთა 43.7%.
განსხვავება შესამჩნევია განათლების მიხედვითაც. უმაღლესი განათლების მქონე თვითდასაქმებულთა 37.2% მუშაობდა არაფორმალურად. ზოგადი საშუალო განათლების მქონეებში არაფორმალურობის წილი 58.1% იყო, საბაზო ან უფრო დაბალი განათლების მქონეებში კი 58.9%.
თვითდასაქმებულთა არაფორმალურობა საქმიანობის სფეროს მიხედვითაც მკვეთრად განსხვავდება. 2025 წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სპეციალიზებულ სამშენებლო სამუშაოებში იყო – 89.3%, ყველაზე დაბალი კი ჯანმრთელობის დაცვაში – 17.0%.
დიაგრამა 1. თვითდასაქმებულთა არაფორმალურობა საქმიანობის სფეროების მიხედვით, 2025
წყარო: საქსტატი, სამუშაო ძალის გამოკვლევა, 2025; ავტორის გამოთვლები.
ხუთწლიანი დინამიკა დაქირავებულებსა და თვითდასაქმებულებში საპირისპიროა. 2021-2025 წლებში დაქირავებულთა არაფორმალური დასაქმების წილი შემცირდა, თვითდასაქმებულებში კი გაიზარდა. ამავე პერიოდში თვითდასაქმებულთა საერთო წილი თითქმის არ შეცვლილა, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო არაფორმალური დასაქმების საერთო მაჩვენებელიც თითქმის უცვლელი დარჩა.
დიაგრამა 2. თვითდასაქმება და არაფორმალური დასაქმება, 2021 და 2025
წყარო: საქსტატი, სამუშაო ძალის გამოკვლევა, 2021 და 2025; ავტორის გამოთვლები.
არაფორმალური დასაქმება დასაქმებულებისთვის მნიშვნელოვან დანაკარგებს ნიშნავს. პირველ რიგში, ეს შრომითი და სოციალური უფლებების გარანტიების არარსებობაში გამოიხატება. არაფორმალურად დასაქმებულს არ აქვს გარანტირებული 40-საათიანი სამუშაო კვირა და ზეგანაკვეთური შრომის გაზრდილი ტარიფით ანაზღაურება; ანაზღაურებადი და დეკრეტული შვებულება; გათავისუფლებისგან დაცვა და შესაბამისი კომპენსაცია; მინიმალური ხელფასი.
სოციალური დაცვის მხრივ არაფორმალურად დასაქმებულს ეზღუდება საპენსიო შენატანი; დეკრეტული და დროებითი შრომისუუნარობის პერიოდში შესაბამისი ანაზღაურება; საწარმოო ტრავმის შემთხვევაში კომპენსაცია; დაზღვევა. გარდა ამისა, სრულად არ არის უზრუნველყოფილი შრომის უსაფრთხოება.[3]
ამიტომ სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯები, რომლებიც სამუშაო ადგილების ფორმალიზაციას შეუწყობს ხელს. საჭიროა მაღალი არაფორმალურობის სექტორებში შრომის კანონმდებლობის დაცვაზე ეფექტური ზედამხედველობა; სოციალური გარანტიების, მათ შორის ღირსეული მინიმალური ხელფასისა და უმუშევრობის დაზღვევის, გაძლიერება; აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკა, რომელიც არაფორმალურად დასაქმებულებს ფორმალური სამუშაოს პოვნაში დაეხმარება.
[1] ILOSTAT. The world of work and the 2030 Agenda: a ten-year review, 19 March 2026.
[2] სტატიაში გამოყენებული საქართველოს სტატისტიკური მაჩვენებლები და დიაგრამები: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი), სამუშაო ძალის გამოკვლევის 2021-2025 წლების მონაცემთა ბაზები; ავტორის გამოთვლები.
[3] შრომითი და სოციალური გარანტიების სამართლებრივი საფუძვლები: საქართველოს შრომის კოდექსი; „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი; მინისტრის №87/ნ ბრძანება „დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“.