დასაქმებულთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის — სოციალური პარტნიორობის კონკრეტული შედეგი
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასა და შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ მენეჯმენტს შორის მოლაპარაკების შედეგად, კომპანიის სხვადასხვა ობიექტზე დასაქმებულთა ტრანსპორტირების პირობების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.
დასაქმებულთა საჭიროებების შესწავლისას გამოიკვეთა რამდენიმე ლოკაცია, სადაც აუცილებელია დამატებითი სატრანსპორტო მომსახურება და გზის საფარის მოწესრიგება. მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, კომპანია კონკრეტულ სოფლებში მცხოვრები თანამშრომლების სახლამდე მიყვანას უზრუნველყოფს.
არსებული საკითხების დროულად და ეფექტიანად გადასაწყვეტად შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. პროცესში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი და მისი წევრი — ჭიათურის სამთომრეწველობის პროფკავშირული ორგანიზაცია.
სამუშაო ჯგუფი დეტალურად შეისწავლის საჭიროებებს და იმუშავებს შესაბამის გადაწყვეტილებებზე, რათა დასაქმებულთა გადაადგილება სამუშაო ადგილამდე და უკან უფრო უსაფრთხო, ხელმისაწვდომი და ორგანიზებული გახდეს.
ღირსეული სამუშაო გარემო სამუშაო ადგილზე უსაფრთხო პირობებთან ერთად დასაქმებულთა უსაფრთხო გადაადგილებასაც მოიცავს.
სოციალური პარტნიორობის მიზანიც სწორედ ეს არის — დიალოგით გამოვლინდეს პრობლემა და თანამშრომლობით მოიძებნოს კონკრეტული, დასაქმებულზე ორიენტირებული გადაწყვეტილება.