საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელობა თურქეთის ელჩს შეხვდა.
დღეს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი, მუსტაფა თურქერი სტუმრობდა.
შეხვედრის მთავარი თემა იყო თურქეთში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების შრომითი და სოციალური უფლებები, ასევე საქართველოში თურქულ კომპანიებსა და ინვესტორებთან დასაქმებული ქართველი მშრომელების უფლებრივი მდგომარეობა.
შეხვედრაზე საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების გენერალურმა მდივანმა ირაკლი პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მიესალმება ახალ თურქულ ინვესტიციებს, ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თუმცა ეკონომიკური განვითარება არ უნდა ხდებოდეს დასაქმებულთა შრომითი და სოციალური უფლებების ხარჯზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ღირსეული მინიმალური ხელფასის მნიშვნელობასა და არაფორმალური დასაქმების პრობლემას. აღინიშნა, რომ არაფორმალურად დასაქმებული ადამიანები ხშირად რჩებიან შრომითი და სოციალური გარანტიების მიღმა, რის გამოც ფორმალური დასაქმების ხელშეწყობა და მშრომელთა უფლებრივი დაცვის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთს შორის მჭიდრო სამეზობლო და ეკონომიკურ ურთიერთობებს. საუბარი შეეხო ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო პროექტსაც, როგორც რეგიონული თანამშრომლობის, დასაქმებისა და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების მნიშვნელოვან მაგალითს.
მუსტაფა თურქერი ასევე გაეცნო საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების 120-წლიან ისტორიას, ორგანიზაციის საქმიანობასა და ქვეყანაში შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით გაწეულ მუშაობას