შვებულება არ არის დამსაქმებლის კეთილი ნება, ეს საქართველოს შრომის კანონმდებლობით დაცული უფლებაა, რომელიც დასაქმებულის ჯანმრთელობასა და სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსს ემსახურება. თითოეულ დასაქმებულს წელიწადში ეკუთვნის არანაკლებ 24 სამუშაო დღე ანაზღაურებადი შვებულება. ეს დღეები სამუშაო დღეებში იანგარიშება და არა კალენდარულში. დამატებით, დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს მინიმუმ 15 კალენდარული დღის ანაზღაურების გარეშე შვებულებით. მძიმე, მავნე ან საშიშ პირობებში დასაქმებულებს ძირითადი შვებულების გარდა ყოველწლიურად ეკუთვნით დამატებით 10 კალენდარული დღის ანაზღაურებადი შვებულება.
რეკომენდებულია შვებულების მოთხოვნა წინასწარ და წერილობით განხორციელდეს, რაც თავიდან აიცილებს გაუგებრობას და საჭიროების შემთხვევაში დაადასტურებს, რომ მოთხოვნა წარდგენილი იყო. დამსაქმებელს არ აქვს უფლება უსასრულოდ გადადოს თანამშრომლის შვებულება. სხვა თარიღის შერჩევა მას შეუძლია მხოლოდ მაშინ, თუ დასაქმებულის არყოფნა საწარმოს საქმიანობას სერიოზულ ზიანს მიაყენებს. შვებულების ზედიზედ ორი წლის განმავლობაში გადატანა აკრძალულია.
შვებულების პერიოდში დასაქმებულს უნარჩუნდება საშუალო შრომითი ანაზღაურება. შვებულების მინიმალური გარანტიები თანაბრად ვრცელდება ყველა დასაქმებულზე, მათ შორის ცვლაში, დისტანციურად და ჰიბრიდულად მომუშავე პირებზე. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას გამოუყენებელი შვებულება არ იკარგება, დამსაქმებელი ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი კომპენსაცია.
თუ შვებულებასთან დაკავშირებული უფლება ირღვევა, რეკომენდებულია საკითხის წერილობით დაფიქსირება დამსაქმებელთან. პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში დასაქმებულს შეუძლია მიმართოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას, შრომის ინსპექციას ან სასამართლოს.
დასვენება ფუფუნება არ არის, ეს კანონით დაცული უფლებაა, რომელიც ემსახურება ადამიანის ჯანმრთელობას, ოჯახურ ცხოვრებასა და კეთილდღეობას.