დასაქმებულთა დაცვის პირველი გლობალური სტანდარტი

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მიესალმება პლატფორმის დასაქმებულთა დაცვის პირველი გლობალური სტანდარტის მიღებას

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მიესალმება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კონფერენციის 114-ე სესიაზე „პლატფორმულ ეკონომიკაში ღირსეული შრომის შესახებ“ 2026 წლის კონვენციის ისტორიულ მიღებას. ეს არის პლატფორმის დასაქმებულებისთვის შექმნილი პირველი გლობალური შრომითი სტანდარტი და მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იმის უზრუნველსაყოფად, რომ პლატფორმულ ეკონომიკაში მილიონობით დასაქმებულმა ისარგებლოს იმ უფლებებით, დაცვითა და ღირსებით, რომელიც ყველა დასაქმებულს ეკუთვნის.

როგორც პლატფორმის დასაქმებულებისთვის შექმნილი პირველი გლობალური შრომითი სტანდარტი, კონვენცია:
• ადასტურებს, რომ შრომის სფეროში ფუნდამენტური უფლებები ვრცელდება პლატფორმულ ეკონომიკაზეც, მათ შორის გაერთიანების თავისუფლება და კოლექტიური მოლაპარაკებების უფლება;
• ითვალისწინებს დაცვას დასაქმების სტატუსის არასწორი კლასიფიკაციისგან;
• აძლიერებს დაცვას პლატფორმიდან უსამართლო გათიშვისა და ანგარიშის დეაქტივაციის წინააღმდეგ;
• აღიარებს ალგორითმულ მართვას და ზრდის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტებს;
• მოუწოდებს სახელმწიფოებს, უზრუნველყონ შრომითი ანაზღაურების დროული გაცემა, არანაკლებ კანონით დადგენილი მინიმალური ხელფასისა და სოციალური დაცვის სისტემებზე ხელმისაწვდომობა;
• შეიცავს დასაქმებულთა პერსონალური მონაცემების დაცვის მექანიზმებს;
• ავალდებულებს მთავრობებს, მიიღონ სპეციალური ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ პლატფორმის დასაქმებულებს შეეძლოთ სამუშაო პროცესიდან გასვლა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკის არსებობის შემთხვევაში, შურისძიების შიშის გარეშე, ასევე დაიცვან ისინი სამუშაო ადგილზე ძალადობისა და შევიწროებისგან.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება აქტიურად იყო ჩართული კონვენციის შემუშავებისა და მიღების პროცესში. წლების განმავლობაში ვმუშაობთ პლატფორმულ ეკონომიკაში დასაქმებულთა უფლებების დასაცავად ადვოკატირების, კვლევის, ცნობიერების ამაღლებისა და სტრატეგიული სამართალწარმოების მიმართულებით.

ვიმედოვნებთ, რომ ახალი კონვენცია პრაქტიკაში გააუმჯობესებს ამ სფეროში დასაქმებულთა შრომით სტანდარტებს, ხოლო მისი რატიფიცირება და ეფექტიანი განხორციელება ხელს შეუწყობს ღირსეული შრომის პრინციპების დამკვიდრებას ციფრულ ეკონომიკაში.

ასევე დაგაინტერესებთ

არაფორმალური დასაქმება და თვითდასაქმება

საქართველოში გენდერული სახელფასო სხვაობა გაიზარდა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დელეგაცია თურქმენეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

Inactive