ზაფხულის სეზონი მოზარდებისთვის ხშირად პირველი სამუშაო გამოცდილების დროა: კაფე, მაღაზია, სასტუმრო თუ სასოფლო-სამეურნეო სამუშაო. ასეთი დასაქმება სასარგებლოა, თუმცა საქართველოს კანონმდებლობა 18 წლამდე დასაქმებულს განსაკუთრებულ დაცვას ანიჭებს, რომელიც მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა წესები დაცულია და მოზარდიც და მისი ოჯახიც იცნობს თავიანთ უფლებებს.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ მოამზადა პრაქტიკული გზამკვლევი, რომელიც მარტივი ენით განმარტავს არასრულწლოვანთა დასაქმების წესებს. დოკუმენტი ეფუძნება შრომის კოდექსს, ბავშვის უფლებათა კოდექსსა და მინისტრის №01-126/ნ ბრძანებას და მოიცავს: მინიმალურ ასაკს და მშობლის თანხმობის წესს, აკრძალულ სფეროებსა და საშიშ სამუშაოებს, სამუშაო დროის ლიმიტებსა და ღამის სამუშაოს აკრძალვას, ხელშეკრულებისა და ანაზღაურების წესებს, აგრეთვე იმ რისკებს, რომლებიც კანონის დარღვევისას ემუქრება როგორც მოზარდს, ისე დამსაქმებელ კომპანიას.
გზამკვლევი განკუთვნილია არასრულწლოვნებისა და მათი მშობლებისთვის და ბოლოს გთავაზობთ კონკრეტულ საკონტროლო სიას, რჩევებსა და ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად მიმართოს დახმარებისთვის.