28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე

პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში სამუშაო ადგილებზე მიღებული ტრავმებისა და პროფესიული დაავადებებისგან 3 
მილიონამდე ადამიანი იღუპება. პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია აღნიშნავს, რომ მდგომარეობა ამ მხრივ  სავალალოა და აუცილებელია, რომ ქვეყნების მთავრობებმა და დამსაქმებლებმა სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის
 საკითხი ადამიანის ფუნდამენტური უფლების დონეზე აიყვანონ. 

 

 მიუხედავად ბოლო პერიოდში  გადაგმული არაერთი  საკანონმდებლო და პრაქტიკული პოზიტიური ნაბიჯისა, სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობა და უსაფრთხოება საქართველოში კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება.

ბოლო წლების მანძილზე სამუშაო ადგილებზე ყოველ მომდევნო წელს უფრო ნაკლებ ფატალურ შემთხვევას აქვს ადგილი წინა წელთან შედარებით, თუმცა გარდაცვალების და დაშავების  შემთხვევების რიცხვი კვლავ მაღალია.

 

სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების სიხშირის მხრივ განსაკუთრებით  სამშენებლო სექტორი გამოირჩევა. სამშენებლო ობიექტებზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას 2024 წელს გარდაიცვალა 23 დასაქმებული, 2023 წელს – 18, 2022 წელს- 16, 2021 წელს- 18, 2020 წელს- 11, 2019 წელს- 29. ქვეყანაში  საწარმოო ტრავმებისგან გარდაცვალების შემთხვევების 50%-ზე მეტი წილი სწორედ სამშენებლო სექტორზე მოდის.   სამშენებლო სექტორის შემდეგ უბედური შემთხვევბის მხრივ გამოირჩევა მრეწველობის, სამთო-მოპოვების და  ენერგეტიკის  სექტორები. 

    

შრომის უსაფრთხოების დაცვის ნორმების ეფექტურ აღსრულებას ხელს უშლის შემდეგი ფაქტორები:

  • ინსპექციის არასრულყოფილი მანდატი (ის ფარავს მხოლოდ სტანდარტულ,ფორმალურ შრომით ურთიერთობებს),
  • შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის გვერდის ავლა ფინანსური რესურსების ხარჯვის თავიდანაცილების მიზნით,
  • შრომის კანონმდებლობის არასრულყოფილი და მოძველებული ბაზა-1992 წლამდე მოქმედი საბჭოთა ნორმატიული აქტებით, რომელიც შინაარსობრივად მოძველებულია და არ პასუხოს შსო-ს სტანდარტებს და  ევროკავშირის შესაბამის დირექტივებს.
  • შრომის უსაფრთხოების საკითხებზე  სახელმწიფო ზედამხედველი უწყების მიერ  აღირიცხება მხოლოდ საწამოო ტრავმატიზმის შედეგად გამოწვეული უბედური  შემთხვევები და არ აღირიცხება პროფესიული დაავადებები და შესაბამისად  არ არსებობს სტატისტიკა პროფესიულ დაავადებებზე.
  • დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ცნობიერების დაბალი დონე შრომის სტანდარტების შესახებ
  • შრომის ინსპექციის სამსახურის საკადრო რესურსის სიმცირე და არასაკმარისი ოფისები რეგიოენებში.

          

      კვლავ დიდ გამოწვევად რჩება შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო სისხლის სამართლის წარმოების არასამართლიანი პოლიტიკა, რომელიც უმეტეს შემთხვევებში გამორიცხავს ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობას და ასევე სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადების შედეგად დაზარალებულთა ზიანის ანაზღაურების საკითხი.

    ამ ფონზე საგულისხმოა, რომ საქართველოს რატიფიცირებული არ აქვს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის არცერთი კონვენცია, რომელიც შრომის უსაფრთხოების საკითხებს არეგულირებს. ღსანიშნავია, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ, სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა აღიარა, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლება და მისი დაცვა ევალება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ყველა წევრ სახელმწიფოს, მიუხედავად შესაბამისი კონვენციების რატიფიცირებისა.  

 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მოითხოვს:

 ➢ რატიფიცირებული იქნას  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციები:  #81-ე  „შრომის ინსპექციის შესახებ ვაჭრობასა და მრეწველობაში“, #155– „პროფესიული უსაფრთხოებისა და  ჯანმრთელობის შესახებ“  #121– „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისას დახმარების გაწევის  შესახებ“  და  #187  ,,ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ხელშემწყობი  ჩარჩოს“ შესახებ.

 ➢ სოციალური პარტნიორების ჩართულობით, დაჩქარებული წესით მოხდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებთან და ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მყოფი შრომის უსაფრთხოების საკითხების მარეგულირებელ კანონქვემდებარე აქტებზის მომზადება და მიღება.  

 ➢ მოხდეს შრომის ინსპექციის სამსახურის ორგანიზაციული გაძლიერება, მათ შორის მოხდეს არაფორმალურად დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოების დაცვა და  გაიზარდოს რეგიონული ოფისების რაოდენობა.

ბოლო სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ

განცხადება

განცხადება

განცხადება