მიმდინარეობს საიტის განახლება

იუმორისტი გიორგი აფციაური საზოგადოებას პირველი მაისის აქციაზე მისვლისაკენ მოუწოდებს

იუმორისტი გიორგი აფციაური დღეიდან პროფკავშირების ახალგაზრდულ ფრთას უხელმძღვანელებს და ახალგაზრდების უფლებებს დაიცავს. ამის შესახებ მან პროფკავშირების გაერთიანებაში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“რთული და სამარცხვინო ფაქტი მოხდა. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ვანო ჯავახიშვილმა მითხრა, რომ პოლიტიკური იუმორი არ უნდა მეკეთებინა. მიშა ანდღულაძემ განმიცხადა, რომ პრეზიდენტის პაროდია მოძველდა. ჩემი საავტორო გადაცემის “თქვენი შოუს” ჩაწერისას კი, ჯავახიშვილმა მითხრა, რომ პრეზიდენტის პაროდიას ტაბუ დაედო”, – ამბობს გიორგი აფციაური.

მისი თქმით, მას იუმორისტმა ალეკო მალხაზიშვილმა განუცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ფაქტებით მედია დაინტერესდებოდა, აფციაურს უნდა ეთქვა, თითქოს ვანო ჯავახიშვილმა ამის შესახებ იხუმრა.

“მე ამ განცხადებით, არ მინდა ვანო ჯავახიშვილს დასჯა. უბრალოდ, შევეცდები საზოგადოებამდე სიმართლე მივიტანო. შეიძლება ეს სიმართლე ვინმეს პრობლემას უქმნიდეს, მაგრამ მე ამ შემთხვევაში ვერავის ვუშველი. ჩემი მიზანია ვანო ჯავახიშვილის ჟურნალისტებთან მარტო დატოვება. ის მარტო არ მოქმედებს. მისი მეგობრები არიან ალეკო მალხაზიშვილი, ვართე და ოთო ლომთაძე”, – ამბობს გიორგი აფციაური.

იუმორისტის თქმით, ამირან ჩოხარაძეს, ლევან გოგორელიანს – იგივე ამიკოს და ფაქოს სამსახურში ისეთი პირობები შეუქმნეს, რომ ისინი “გააქციეს”.

“თუ რამე სხვა ვერსია გაქვთ გაგებული მათი სამსახურიდან წასვლის შესახებ, ყველაფერი სიცრუეა. ამის შემდეგ თემო მჟავიას ხელფასი დააკლეს, რაც 700 ლარი გახდა, ამას 14-ჯერ აღემატება ვანო ჯავახიშვილის ანაზღაურება. ამ ბიჭებზე თქვეს, რომ ფულის გამო სხვაგან წავიდნენ. ესაა სიცრუე. იქ იყო ისეთი პირობები, რომ ეს ადამიანები უბრალოდ გაიქცნენ”, – ამბობს გიორგი აფციაური.

მისი თქმით, კომედი შოუს წამყვანი მსახიობი ნიკა გრიგოლია სამსახურიდან უმიზეზოდ გაათავისუფლეს და ფიზიკურადაც გაუსწორდენენ. გიორგი აფცაური არ აკონკრეტებს, თუ ვინ სცემა ნიკა გრიგოლია და აცხადებს, რომ ამის შესახებ გრიგოლიას თავად შეუძლია ისაუბროს.

“ეს ყველაფერი ხდება დავით გოგიჩაიშვილი მიერ შექმნილ პროექტებში, რომელიც მას წაართვეს. ჩემზე საუბრობდნენ, თითქოს ეჭვიანი, ფსიქიურად შეშლილი ვარ და რაღაცებს ვიგონებ. არ მგონია თითოეული ადამიანი, ვინც ჩამოვთვალე ვიყოთ ეჭვიანები, ან ხუმრობას ვერ ვიგებდეთ. საკვირველია, ნიკა გრიგოლიამ რატომ ვერ გაიგო ისეთი ხუმრობა, რომ სამსახურიდან გააგდეს და თან სცემეს”, – განაცხადა აფციაურმა.

იუმორისტს ტელეკომპანია “მაესტროსთვის” გაკეთებული ვანო ჯავახიშვილის განცხადებიდან ციტატა მოჰყავს: “ჩვენ მივეცით მას თავისუფლება, რადგან არ გვინდოდა სკანდალი”. გიორგი აფციაურის თქმით, ამ ფრაზასთან დაკავშირებით ჩნდება კითხვები, რა სკანდალის ეშინოდა ვანო ჯავახიშვილს, აქვს თუ არა მას უფლება ვინმეს თავისუფლება მისცეს, ან წაართვას.

“ეს არის სექტა, რომელიც ადამიანების ტვინებში ღიმილით, სიცილით აღწევს და ანაგვიანებს. მაგრამ ამ სამსახურში არიან ადამიანები, ვინც პატივისცემას იმსახურებს ჩემგან და არ არიან ამ სექტის ნაწილი. მოვუწოდებ, დროზე გაემიჯნონ ამ აურზაურს. ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა ვანო ჯავახიშვილის და არამარტო მის მიმართ”, – ამბობს გიორგი აფციაური.

მისი თქმით, მზადაა ჯავახიშვილთან ამ თემების შესახებ პირდაპირ ეთერში ისაუბროს.

“პირველი მაისი პროფკავშირების საერთაშორისო დღეა, ბევრი სხვა პრობლემა განიხილება ამ დღეს, ბევრი ადამიანი მოვა დამსაქმებლებზე პრეტენზიებით და ერთ-ერთი თემა იქნება ესეც. ჩემს გულშემატკივრებს, ვინც ფიქრობს, რომ უსამართლოდ მომექცნენ და ტაბუ დამადეს, მოვუწოდებ პირველ მაისს მობრძანდნენ ძველი პარლამენტის შენობის წინ”, – განაცხადა გიორგი აფციაურმა.

მისი თქმით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან არავითარი პრობლემა, ან კონფლიქტი არ აქვს და იმედს გამოთქვამს, რომ მის წინააღმდეგ არხი ვანო ჯავახიშვილის დაკვეთით, საინფორმაციო ომს არ წამოიწყებს.

ტექსტში გამოყენებულია news.ge–ს მასალა