მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

გაფიცული მუშები და კაცი, რომელიც „ის თამრო“ აღარ არის…

ჯავახეთში, ახალქალაქთან ახლოს, ,ფარავანჰესზე” მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანების დიდი ნაწილი შრომით პირობებთან და ხელფასის სიმცირესთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამს. მუშების ნაწილი ამჟამად გაფიცულია და როგორც მათ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს გუშინ, 17 აპრილს განაცხადეს, ისინი განსაკუთრებით არასამართლიან სახელფასო სისტემასა და ადმინისტრაციის მათდამი დამოკიდებულებას აპროტესტებენ.

„ფარავანჰესის” პროექტი ითვალისწინებს სატრანსპორტო გვირაბის და გადამცემი ხაზის ახალციხის ქვესადგურის აშენებას, რომელსაც ახორცილებს შპს „ურბან ენერჯი საქართველო”.

ადმინისტრაციასთან პრეტენზიები განსაკუთრებით ე.წ. გარე კონტრაქტებით მომუშავე მძღოლებს აქვთ, რომლებიც სამუშაოების დროს საკუთარ ავტოტრანსპორტს იყენებენ. თუმცა, „ურბან ენერჯი საქართველოს” სხვა სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც უჩივიან. პრეტენზიებს გამოთქვამენ ასევე ადგილობრივი ქართული სოფლის (რეგიონში სულ რამდენიმე ქართული სოფელია) მკვიდრნიც, რომლებიც ამბობენ, რომ ჰესის მშენებლობა მათ კარ–მიდამოებს პრობლემას უქმნის და სასოფლო–სამეურნეო სავარგულებს აზიანებს.

მშენებლობაზე დასაქმებული მუშების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ თურქი ინვესტორები მშენებლობაში თურქეთიდან ჩამოყვანილ მუშახელს (რომლებიც ხშირ შემთხვევაშიქართველი დასაქმებულების მსგავს სამუშაოებს ასრულებენ) ხელფასის სახით ბევრად უფრო დიდ თანხას, დაახლოებით 2500 ამერიკულ დოლარსუხდიან. მაშინ როდესაც ქართველი მუშების ხელფასი 400 ლარიდან იწყება.

მომუშავე პერსონალთან შეხვედრისას გაირკვა, რომ ისინი მუშაობენ დილის 7 საათიდან, საღამოს 7 სთ–მდე, 1 საათიანი შესვენებით. დასაქმებულები აცხადებენ, რომ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა უნდა გაგრძელდეს კიდევ 1 წლის განმავლობაში. თუმცა დამსაქმებლებს იმედი აქვთ, რომ მშენებლობა 6 თვეშიდასრულდება, რაც ამ ეტაპზე წარმოუდგენლად მოსჩანს. დასაქმებულია დაახლოებით 600 მუშაკი – ძირითადად თურქები და ქართველები. ისინი მუშაობენ როგორც ერთმანეთის მსგავს, ასევე სხვადასხვ პოზიციებზე.თუმცა, თურქები სპეციალისტებად არიან ჩამოყვანილნი. საქართველოს მოქალაქეები კი როგორც მათი დამხმარე პერსონალი.

აღსანიშნავია, რომ პროექტის მიმდინარეობისას, ჯერ კიდევ შარშან, დაფიქსირდა გაფიცვის ფაქტები მომუშავეები აპროტესტებდნენ 2 თვის დაგროვილ სახელფასო დავალიანებას. თურქეთის მოქალაქეების ნაწილიც იძულებულნი გახდნენ გაფიცულიყვნენ, გადაკეტეს ცენტრალური ოფისის გზა. საქართველოს პროფკავშირები ჩაერთო დიალოგში დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის. აღნიშნული პრობლემ მაშინ -4 დღეში მოგვარდა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთანების აპარატის უფროსთან, ლაშა ბლიაძესთან საუბარში „ფარავანჰესის” მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანები ასევე ამბობენ, რომ მშენებლობაზე ელემენატარულ შრომის უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული. ხშირად აგვიანებენ სპეც–ტანსაცმელის დარიგებას და მუშაკების კვების რაციონიმწირია. ამას გარდა, პრობლემურია ასევე დასვენების დღეებში ანაზღაურების, ზეგანაკვეთური ანაზღაურების და კონტრაქტების საკითხიც.

დასაქმებულთა უმეტესობას კომპანიის ხელმძღვანელობასთან ზეპირი ხელშეკრულება აკავშირებს რაც დამსაქმებლებს საშუალებას აძლევს, რომ ეს ადამიანები სამსახურიდან საკუთარი სურვილისამებრ ნებისმიერ დროს გაათავისუფლონ.

პროფკავშირის წარმომადგენლები გაფიცულ დასაქმებულებთან საუბრის შემდეგ, კომპანიის წამრომადგენლებს შეხვდნენ. ადმინისტრაცია დასაქმებულებთან დათმობაზე წასვლას არ აპირებს. კომპანია „ურბან ენერჯი საქართველოს” დირექტორმა, ნოდარ კურტანიძემ თავიდან განაცხადა, რომ დასაქმებულთა მოთხოვნები აბსურდულია და მათთან დასაქმებული ადამიანებიდან 1000 ლარზე ნაკლები ხელფასი არც ერთ მათგანს არ აქვს. შემდეგ ბატონმა კურტანიძემ საკუთარი სიტყვები გადათქვა და ასეთი აშკარა ტყუილით აღშფოთებულ დასაქმებულებს განუცხადა, რომ მან მხოლოდ სპეციალიზებულ სამსახურებში დასაქმებული ადამიანები იგულისხმა.

პროფკავშირის წარმომადგენლებმა „ურბან ენერჯი საქართველოს” ხელმძღვანელებისა და დასაქმებულების შეხვედრა უზრუნველყვეს. თუმცა, რაზეც კომპანიის წარმომადგენლები თანახმა არიან, ეს მხოლოდ კვირის განმავლობაში დასვენების დღეების დაწესება და სადღესასწაულო დღეებში ანაზღაურების გაზრდაა. დამსაქმებლები რამდენიმე დღის მანძილზე დასაქმებულებს აიძულებენ, რომ ხელი მოაწერონ მათთან დადებულ ერთთიან ხელშეკრულებებს, სადაც არც ხელფასის მატებაა ასახული და დასაქმებულთა სხვა მოთხოვნებიც უგულებელყოფილია.

გაფიცულები არსებულ სიტუაციასთან შეგუებას არ აპირებენ. საქართველოს პროფკავშირი გეგმავს, „ფარავანჰესის” მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებს გვერდში ბოლომდე დაუდგეს და აპირებს, აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში მედია და შრომითი ურთიერთობების დარეგულირების სამთავრობო კომისიაც ჩართოს.

ეს იმის ფონზე, როდესაც ბატონი ნოდარ კურტანიძე ლამის თავის პირად პრობლემებსაც კი პროფკავშირს აბრალებს და საჯაროდ აცხადებს, რომ რამდენიმე თვის წინ, კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან მისი გადაყენება პროფკავშირის აქტიურობის ბრალია. „თქვენს გამო დამაქვეითეს თანამდებობიდან. მე ის თამრო აღარა ვარ!” – ეს სიტყვები ნოდარ კურტანიძემ პროკავშირის წევრებთან შეხვედრის დროს რამდენჯერმე გაიმეორა. ვერაფერს იტყვი… ერთობ ორიგინალური პასაჟია…


Created with flickr slideshow.