ევროპის პროფკავშირების გენერალურ მდივანს
ქ–ნ ბერნადეტ სეგოლს
გერმანიის პროფკავშირების თავმჯდომარეს ბ–ნ მიხაელ ზომერს
საფრანგეთის პროფკავშირების თავმჯდომარეს ბ–ნ ტიერი ლეპანს
პოლონეთის ,,სოლიდარნოსტის” თავმჯდომარეს ბ–ნ პიოტერ დუდას
იტალიის პროფკავშირებს: ქ-ნ როსანა დეტორისს (CGIL)
ბ-ნ რაფაელე ბონანის (CISL)
ბასკეთის პროფკავშირების გენერალურ მდივანს ბ-ნ ადოლფო მუნიოს (ELA)
ნიდერლანდების სამეფოს პროფკავშირების პრეზიდენტს ბ-ნ ტონ ხერტს
ბულგარეთის პროფკავშირების პრეზიდენტს ბ–ნ კონსტანტინ ტრენჩევს (PODKREPA)
ბულგარეთის პროფკავშირების პრეზიდენტს ბ–ნ პლამენ დიმიტროვს (CITUB)
ჩეხეთის პროფკავშირის პრეზიდენტს ბ–ნ იაროსლავ ზავადელის (ČMKOS)
სლოვაკეთის პროფკავშირის თავმჯდომარეს ბ–ნ იან ვანკოს
ავსტრიის პროფკავშირების პრეზიდენტს ბ-ნ ერიკ ფორლარს
შვედეთის პროფკავშირების პრეზიდენტს ბ-ნ პეტერ ტორვალდსონს (LO)
შვედეთის პროფკავშირების პრეზიდენტს ქ-ნ ევა ნორმარკს (TCO)
ლატვიის პროფკავშირების თავმჯდომარეს ბ-ნ პეტერის კრიგერისს
ლიტვის პროფკავშირების პრეზიდენტს ბ–ნ არტურას ჩერნიაუსკასს
ბელგიის პროფკავშირების გენერალურ დირექტორს ბ-ნ ჟან ვერკამსს
ესტონეთის პროფკავშირების თავმჯდომარეს ბ-ნ პეეპ პეტერსონს
დიდი ბრიტანეთის სამეფოს პროფკავშირების გენერალურ მდივანს ბ-ნ ბრენდან ბარბერს
ძვირფასო ბერნადეტ, ჩემო დებო და ძმებო, პატივცემულო კოლეგებო
უპირველეს ყოვლისა, საქართველოს პროფკავშირების წევრების და ყველა დასაქმებულის სახელით მსურს უღრმესი მადლობა მოგახსენოთ იმ თანადგომისა და მხარდაჭერისათვის, რასაც ჩვენს მიმართ იჩენდით და დღესაც იჩენთ.
ჩემი მოღვაწეობის და თქვენთან მეგობრობის ექვსი წლის მანძილზე, ბრიუსელში, ვაშინგტონში და ჟენევაში გამოსვლებისა და ანგარიშების დროს, მუდმივად აღვნიშნავდი საქართველოს მთავრობის მხრიდან ზეწოლაზე, შანტაჟზე, დასაქმებულთა უფლებების ფეხქვეშ გათელვაზე, მონურ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაზე, პროფკავშირის აქტივისტების სამსახურიდან დათხოვნაზე, მათ დაკავებებზე, საერთაშორისოდ აღიარებული ნორმებისა და სტანდარტების იგნორირებაზე, პროფკავშირების საქმიანობაში ჩარევის ფაქტებზე და მცდელობებზე, პროფკავშირების სტრუქტურების ნგრევაზე, დარგობრივი პროფკავშირების ხელმძღვანელობის პარტიულ–სამთავრობო კადრებით დაკომპლექტების სურვილზე და ამ გზით ჩემი ჩანაცვლების მცდელობით საქართველოს პროფკავშირების დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეზე.
რამდენჯერმე ბოდიშიც კი მოგიხადეთ იმის გამო, რომ ჩვენს ყოველ შეხვედრაზე ვერაფერს საიმედოს ვერ ვამბობდი და ისედაც უამრავი საზრუნავით გადატვირთულებს ჩემი და საქართველოს პროფკავშირების პრობლემების მოგვარებაზე ფიქრი გიწევდათ. ჩვენი თანადგომისათვის არც დრო, არც შრომა და თავდადება არ დაგიზოგავთ. სწორედ თქვენმა სოლიდარობამ და მტკიცე ძმურმა პროფკავშირულმა მხარდაჭერამ განაპირობა ის, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, ევროკავშირის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნებში და რეკომენდაციებში ნაწილობრივ მაინც აისახებოდა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები და კონკრეტული საჩივრები, რომელიც ანგრევდა და ძირს უთხრიდა საქართველოში ევროპული კულტურის ნაწილსა და ევროპელი ხალხების მონაპოვარს, დემოკრატიის განუყოფელ ნაწილს – პროფკავშირებს.
სწორედ თქვენმა აქტიურობამ და გავლენამ ევროპულ სტრუქტურებზე, ჩემთვის ორგანიზებულმა არაერთმა ოფიციალურმა შეხვედრამ ევროპარლამენტარებთან, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, ევროკომისრებთან ინტენსიურმა შეხვედრებმა იხსნა ჩანასახში მყოფი დასავლური სტანდარტებზე ორიენტირებული პროფკავშირული მოძრაობა სრული განადგურებისაგან. თქვენი აქტიურობით გადავურჩით მე და ჩემი თანამებრძოლები თავისუფლების აღკვეთას, რასაც ხშირად გვპირდებოდნენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები თუ გავაგრძელებდით მათ მხილებას ზემოთ ჩამოთვლილ და თქვენთვის დოკუმენტური ფაქტებით ცნობილ უმსგავსობებთან დაკავშირებით.
მიუხედავად ჩვენი საერთო ძალისხმევისა, მხოლოდ გასული წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მთავრობის შეცვლამ მოგვცა ორგანიზაციების თავისუფლად შექმნა–აღდგენის შესაძლებლობა. მოიხსნა გაუგონარი ზეწოლა დასაქმებულებზე. აზრის გამოხატვის თავისუფლებამ ბიძგი მისცა რეალურ კოლექტიურ მოლაპარაკებებს, რამაც დასაქმებულთა შემოსავლებისა და სოციალური გარანტიების ამაღლებას დაუდო სათავე. დაიწყო 21–ე საუკუნისა და ევროპული აზროვნებისათვის მიუღებელი მონობისა და სამოქალაქო საზოგადოების დამანგრეველი ე.წ. შრომის კანონმდებლობის შეცვლის პროცესი, სადაც სხვა ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად, პროფკავშირიც აქტიურადაა ჩართული.
დაიწყო და იმედი მაქვს არ შეჩერდება ხელფასების ზრდა მასწავლებლებისა და საჯარო მოხელეებისათვის. ადამიანებს შანსი მიეცათ ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემით. პარტნიორ სამინისტროში იქმნება და გრძელდება სრულყოფა ისეთი სამსახურებისა, როგორიცაა სოციალური პარტნიორობის, დასაქმების შრომითი დავების, შრომის ინსპექციის და ა.შ.ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, სამინისტროში, სიტყვა „შრომა” მხოლოდ მის დასახელებაში ფიგურირებდა, ხოლო რეალურად შრომასთან დაკავშირებით არათუ დეპარტამენტი, ერთი შტატიც კი არ იყო გამოყოფილი.
ეს იყო შედეგი, წინა მთავრობის მიერ, საზოგადოებასთან და პროფკავშირებთან დიალოგისა და კონსულტაციების გარეშე, ჩატარებული ფსევდორეფორმისა, არა მარტო შრომით, არამედ განათლების, ჯანდაცვის, სასამართლოს და სხვა სფეროებში. მათ არანაირი შედეგი არ მოუტანია არც ამ სექტორებში დასაქმებულთა და არც ზოგადად ქვეყნის მოქალაქეებისათვის.
ამ ფონზე ჩემი და ჩვენი ორგანიზაციის წევრების გაოცებას იწვევს ევროპარლამენტართა ერთი ჯგუფის მუდმივი თავდასხმები საქართველოს ხელისუფლებაზე და ე.წ. მეგობრული რჩევები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ისინი ახალ მთავრობას და საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას მოუწოდებენ დისკრედიტებულ პოლიტიკურ ძალასთან კოაბიტაციისა და ძველი მთავრობის დარი „დემოკრატიული” მმართველობის სტილისაკენ, „დემოკრატიის შუქურად” მონათლული და ტოლერანტობის ფორმულად ილუზირებული ნაც.მოძრაობის მიბაძვისაკენ…
ეს ადამიანები ბრმა მხარდაჭერას უცხადებენ რეჟიმს, რომელმაც უამრავი სისხლი ადინა და სირცხვილი აჭამა საქართველოს მოქალაქეებს. რეჟიმს, რომელმაც საქართველოს პროფკავშირებში ჩემი წინამორბედი ხელის შემწყობად გამოიყენა, ხოლო გამგეობის წევრების აბსოლუტურ უმრავლესობაზე გაუგონარი ზეწოლა მოახდინა და მიუხედავად ჩემი წინააღმდეგობისა, მაინც დაათმობინა პროფკავშირული ქონების 99%.
„ნაციონალური მოძრაობა” არა მარტო ჩვენთან მიმართებაში მოიქცა ასე. 9 წლის მანძილზე არაერთხელ გათელა ფეხქვეშ: საკუთრების უფლება, პიროვნებისა და სიტყვის თავისუფლება, არჩევანის თავისუფლება, ჯანდაცვის,, განათლების უფლება და გაშმაგებული ებრძოდა ევროპულ სტანდარტებს. ჩვენ ვსაუბრობთ რეჟიმზე, რომელიც ყოველთვის ორსახოვანი იყო – დეკლარირებულად დასავლურ ღირებულებებზე ღაღადებდა ევროპაში, ხოლო რეალურად მისი „დასავლურობა” სახელმწიფო უწყებების შენობების თავზე მოფრიალე ევროკავშირის დროშებთან მთავრდებოდა. ამ უწყებებში ბოლშევიკურ–ჩეკისტური საკმაზებით, (ინგრედიენტებით) გაჯერებული ე.წ. ნეოლიბერალური იდეოლოგია იწერებოდა საბჭოთა ლოზუნგით – „ვინც ჩვენთან არ რის, ის ჩვენი მტერია!”.
პატივცემული ევროპარლამენტარები, ახალი ხელისუფლებისაგან თვითმართველობაზე ზეწოლის შეწყვეტას მოითხოვენ. შეგახსენებთ, რომ ეს ის თვითმმართველობებია, რომლებიც პროფკავშირული აქტიურობის გამო ჩვენს წევრებს დევნიდა, ორი წლის წინ, ერთი და იმავე დღეს, ერთნაირი ტექსტის შემცველ განცხადებაზე, სხვადასხვა რეგიონში 2316 პროფკავშირელს ორგანიზაციის დატოვებაზე მოაწერინეს ხელი. ამ ფაქტების შესახებ ევროპელებს მე, თქვენი დახმარებით, ხომ პირადად ვესაუბრებოდი, თქვენც ხომ აწვდიდით კონკრეტული დარღვევების თაობაზე ფაქტებს? როგორ შეუძლიათ მათ ისაუბრონ წინა მთავრობის დემოკრატიულობაზე? როგორ შეიძლება ისინი მისაბაძად მოიხსენიონ? ალბათ ჰგონიათ, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების გადაცემა დაგვავიწყებს განცდილ სიმწარეს.
უკანასკნელ არჩევნებში დაფიქსირებული შედეგი არაადეკვატურად ასახავს საზოგადოების განწყობას, რადგან არჩევნები რომ დემოკრატიულად და დასავლურად ჩატარებულიყო, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების გარეშე, „სახალხო პარტიის” პროტეჟეები მინიმალურ ბარიერსაც ვერ გადალახავდნენ.
ფსევდოლიბერალიზმი იყო და არის ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგია, რომელიც, ალბათ სწორედ იმისათვის სჭირდებოდათ, რომ ევროპიდან თუ ოკეანის გაღმიდან, „ევროპის სახალხო პარტიის” ტიპის მხარდამჭერები და დამცველები ჰყოლოდათ. ხალხის მოსატყუებლად კი ისეთ მეთოდებს იყენებდნენ და ისეთ საარჩევნო პროგრამებს ადგენდნენ, რადიკალ–მემარცხენეებს და პროფკავშირელებსაც კი შეშურდებოდათ.
ჩვენი მრავალტანჯული, შიდა თუ გარე მტრისგან უფლებაშელახული ერის ტოლერანტობის, მშვიდობისმოყვარეობის და სახელმწიფოებრივი თვითშეგნების დამსახურებაა, რომ არჩევნების შემდგომი ან არჩევნებამდელი პოლიტიკური სცენარი ერაყისა და ლიბიის მსგავსად არ განვითარდა. სწორედ ეს არის ის თვისებები და ხასიათი, რაც ადასტურებს ჩვენს ევროპელობასა და ევროპულ მისწრაფებებს და არა ევროპარლამენტარების ნაწილის მიერ პირველკლასელი ბავშვისათვის მიცემული საშინაო დავალების მსგავსი შეურაცხმყოფელი პროგრამა, რომლის ყოველ მეორე თავში ყოფილი ხელისუფლების და პრეზიდენტის პასუხისმგებლობის მოხსნაზეა საუბარი. „ევროპის სახალხო პარტია” ასევე წუხს „ნაციონალური მოძრაობის” მიერ კონტროლირებული მედიის თავისუფლებაზე. იმ ფსევდომედიაზე, რომელიც პროფკავშირების აქტივობების მცირე ნაწილსაც კი არ აშუქებდა. ან თუ აშუქებდა, აშუქებდა ფაქტების დამახინჯებითა და ორგანიზაციის დისკრედიტაციის მიზნით.
„ევროპის სახალხო პარტიის” მხრიდან ასევე უცნაურია ქართული სასამართლოს მხარდაჭერაც. იმ სასამართლოსი, სადაც მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენები გამოჰქონდათ და 7 წლის მანძილზე პროფკავშირებს ყოველმხრივ დასაბუთებული მრავალი საჩივრიდან მხოლოდ ორი აქვს მოგებული. აქედან ერთი მაშინ, როდესაც წინა მთავრობას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის ანგარიში უნდა შეედგინა ჩვენს ოფიციალურ საჩივარზე და ამისათვის პროფკავშირების მიმართ გამოჩენილი სამართლიანობის პრეცედენტი სჭირდებოდა. ჩვენს მიერ მოგებული მეორე სასამართლო პროცესი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამითა და GSP+–ით სარგებლობას ეხებოდა, რის შესახებაც ასევე თქვენი მეშვეობით საჩივარი გვქონდა შეტანილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასა და ევროკავშირის შესაბამის ორგანოებში. თუმცა, საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ მაინც ყველაფერი გააკეთა, რომ სასამართლოს შემდგომ ინსტანციაში ეს პროცესები წაგვეგო. ვსაუბრობ იმ სასამართლოზე, რომლის მოსამართლემაც დისკრიმინაციასთან დაკავშირებით შეტანილ ჩვენს სარჩელზე ამაყად ჩაგვიწერა გადაწყვეტილებაში, რომ ქართული შრომის კანონმდებლობა დისკრიმინაციას არ ზღუდავს და ეს პროცესი წავაგეთ.
ძვირფასო დებო და ძმებო, ქალბატონო ბერნადეტ, ეს ევროპარლამენტარები ალბათ თქვენი და თქვენი წევრების მიერ არიან არჩეულნი. ნუთუ მათ ამომრჩევლებმა – ჩვენმა დებმა და ძმებმა ევროპაში, ჩვენს ქვეყანაში ადამიანების ერთი ჯგუფის მხარდაჭერა დაუკვეთეს, რათა საბჭოთა წყობაგამოვლილ ჩვენს ხალხს კითხვის ნიშნები გასჩენოდა იმ ღირებულებებზე, რომლის დამკვიდრებასაც ცდილობს წლების მანძილზე?! იმ ფასეულობებზე, რომელშიც ხედავს თავის გადარჩენისა და ქვეყნის განვითარების იმედს. ნუთუ ევროპელი ხალხის რჩეულების ფუნქცია ის გახლავთ, რომ მისაბაძად, ყოფილი ხელისუფლება და მათი ნამოქმედარი დაგვისახონ, რათა შეურყიონ წარმოდგენა და შეხედულებები ქართველ ხალხს: დემოკრატიაზე, სამართლიანობაზე, ტოლერანტობაზე…
საქართველოში, სამწუხაროდ ახლაც არ არის იდეალური მდგომარეობა. ადგილობრივი თვითმმართველობიდან პოლიტიკური ნიშნით ადამიანებს ახლაც ათავისუფლებენ. საწარმოო კონფლიქტების მომგვარებლად სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის გამოყენების ნაცვლად, სრულიად გაუგებარი და ნაკლებფექტური სამთავრობო კომისია შექმნეს. საქართველოს პროფკავშირების გარეთ ხელოვნურად იქმნება ცოტა უცნაური ორგანიზაციები, რომლებიც დასაქმებულთა უფლებების დაცვაზე დებენ თავს. ჩვენ კონკურენცია არ გვაშინებს, მაგრამ სახელისუფლებო კოალიციის ცალკეული დეპუტატი და ზოგიერთ სამინისტროში ჯერ კიდევ შემორჩენილი ნაციონალური მოძრაობის მიმდევარი ჩინოვნიკი აგრძელებს ჩვეულ საქმიანობას. ჩვენი წევრი ორგანიზაციებისათვის ადმინისტრაციული ბერკეტებით, დემოკრატიული პროფკავშირების დასუსტებისაკენ მიმართული, ალტერნატივის შექმნა, უპასუხოდ არ დარჩება და ამ ფაქტებზე რეაგირება ისევე მოუწევს ახალ ხელისუფლებას, როგორც წინა ხელისუფლებას უწევდა. ახალი პრემიერი ოთხჯერ შეხვდა ბიზნესმენებს და პროფკავშირებს ჯერ არ შეხვედრია. ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ჩემს ორ შეხვედრას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების წრეში მოხდა, ვერ ჩავთვლი დიდ გარღვევად და იმ პრობლემების მოგვარების დასაწყისად, რაც წლების მანძილზე დაუგროვდათ დასაქმებულ ადამიანებს.
ქ–ნო ბერნადეტ, თქვენი არშემდგარი ვიზიტი და პრემიერის კანცელარიიდან ორი თვე პასუხის ვერმიღებაც მინდა ვიფიქრო, რომ ბიუროკრატიული ლაბირინთების ბრალია და არა ვიზიტის მნიშვნელობის ვერშეფასებისა და არდაფასების. თქვენ გსურდათ, რომ ევროპისათვის გადაგეცათ ის დადებითი იმპულსები, რაც საქართველოში შრომის სფეროში და სამართლიანობის დამკვიდრების კუთხით შეინიშნება. სათქმელი ბუნებრივია ნელ-ნელა გროვდება და თქვენ იცით, რომ ჩვენი რეაქცია არ დააყოვნებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამის გამო თავისუფლების აღკვეთით არავინ დამემუქრება, ჩვენს დარგობრივ ორგანიზაციებს არ დაუწყებს დაშლას სახელმწიფო აპარატი და ბუნებრივი ოპონირება, მთავრობასა და ჩვენს შორის არ იქნება დაფუძნებული ზიზღსა და სიძულვილზე.
ჩვენს ქვეყანაში ბევრი კითხვა დაგროვდა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საქართველოს წინა ხელისუფლებას „დემოკრატიის შუქურად” მიიჩნევენ. ეს ის კითხვებია, რომლებიც აუცილებლად დაისმება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში და დარწმუნებული ვარ, ამ ფორუმში მყოფ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ბევრი რამ აქვთ სათქმელი.
მე მხოლოდ პროფკავშირებთან დაკავშირებულ საკითხებზე ვსაუბრობ და კვლავ აღსავსე ვარ თქვენი დახმარების მოლოდინით. იმედი მაქვს, რომ ისე, როგორც თქვენს ქვეყნებში, ევროპარლამენტშიც აღმოჩნდება 23–ზე მეტი ღირსეული პარლამენტარი, რომლებიც სიმართლეზე თვალს არ დახუჭავენ და ყველაფერს ობიექტურად შეაფასებენ. დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ქართველი ხალხის არჩევანსა და მისწრაფებებს პატივს სცემენ. ღირსეული ადამიანები, რომლებიც თქვენი დახმარებით საქართველოს მოქალაქეებს და პროფკავშირის წევრებს, ევროპულ არჩევანზე კი არ დააეჭვებენ (ღირს თუ არა ევროპული კურსის შენარჩუნება…), არამედ გაუათკეცებენ ევროპისაკენ სწრაფვის სურვილს.
საბედნიეროდ საქართველოს პროფკავშირებისათვის და მთლიანად ქვეყნის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისათვის, ევროპის ნაწილად ყოფნა სახელმწიფო უწყებების შენობების თავზე მოფრიალე ევრკავშირის დროშებით არ შემოიფარგლება.
აშკარაა, რომ მენტორის მანტიით შემოსილი ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ საქართველოს ვეღარ გამოიყენებენ მათი მავნე იდეების საექსპერიმენტო ლაბორატორიად. საქმე გვაქვს კრახგანცდილი იდეოლოგიის რეაბილიტირების სრულიად უსუსურ მცდელობასთან, რაც ვერ შეაჩერებს ქვეყნის განვითარებას, თუმცა შეუძლია შეაფერხოს მისი ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში.
აღნიშნული გარემოებებიდან და საქართველოში პროფკავშირული მოძრაობის შემდგომი განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე, თქვენგან კვლავ ველით ჩვეულ დახმარებას. ველით, რომ ევროპის პოლიტიკურ წრეებში არსებული ქართველი ხალხისადმი მხარში დგომის სურვილი გამოიხატოს მკაფიო შეტყობინებებით, რომლებიც ასახავს ჩვენი ქვეყნის წარსულისა და დღევანდელობის შესაფერის, ღირსეულ და სამართლიან შეფასებებს.
ირაკლი პეტრიაშვილი
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების
თავმჯდომარე