მნიშვნელოვანი შეხვედრა ბაქოში

წლების მანძილზე საქართველოს პროფკავშირებზე, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ხორციელდებოდა ზეწოლა და ამ ზეწოლას ყოველთვის  მწვავე ხასიათი ჰქონდა. გარკვეული ძალები ყოველმხრივ ცდილობდნენ პროფკავშირული სტრუქტურების დაშლას და საფრთხეს უქმნიდნენ ორგანიზაციის დამოუკიდებლობას. განსაკუთრებული პრობლემების წინაშე დადგნენ დარგობრივი  პროფკავშირული ორგანიზაციების ცალკეულ ლიდერები. ხელისუფლების წარმომადგენლები ირიბად თუ პირდაპირ ამ ადამიანებს სთავაზობდნენ. მომხიბლავ წინადადებს, იმის სანაცვლოდ, რომ მათ გაერთიანებულ პროფკავშირებში გადატრიალება მოეხდინათ. ამ საკითხებთან დაკავშირებით მსოფლიო თანამეგობრობა იყო რეალურად შეშფოთებული. ყოველთვის გამოხატავდა პროტესტს და გმობდა პროფკავშირებზე საქართველოს ხელისუფლების ზეწოლას.

საქართველოს პროფკავშირების მხარდამჭერი ცივილიზებული ქვეყნების პროფკავშირებს შორის, ერთ–ერთი ყველაზე აქტიური ორგანიზაცია იყო და არის აზერბაიჯანის პროფკავშირები, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს პროფკავშირულ  მოძრაობას. აზერბაიჯანის პროფკავშირის წევრები ქართველ კოლეგებს ასევე ეხმარებოდნენ საქართველოს მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელებისთვის განათლების სფეროში მთელი რიგის საკითხების მოგვარებაში. აქედან გამომდინარე, საქართველოს და აზერბაიჯანის პროფესიულ კავშირებს ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობები ჰქონდათ. 

5 თებერვალს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა აზერბაიჯანის პროფკავშირების ყრილობა, სადაც აზერბაიჯანის პროფკავშირებმა ხელმძღვანელად კიდევ ერთი ვადით, ბატონი სატარ მეხბალიევი აირჩია. ამავე დროს, გაიმართა კონფერენცია ღირსეულ შრომასთან დაკავშირებით. კონფერენციას ესწრებოდა 52 ქვეყნის 134 წარმომადგენელი. საქართველოს პროფკავშირებიდან ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობა ოთხმა წარმომადგენელმა მიიღო.

კონფერენციაზე საინტერესო შეხვედრები და პრეზენტაციები გაიმართა. საუბარი შეეხო ეკონომიკურ კრიზისს, გარემოს დაცვას, დასაქმებულთა უფლებებს, სოციალურ გარანტიებს და სხვა… ამის შემდეგ  გაიმართა ყრილობა, სადაც საქართველოს პროფკავშირების დელეგაცია ასევე იღებდა მონაწილეობას. ყრილობაზე სულ 6 უცხოელი სტუმარი გამოვიდა სიტყვით, რომელთა შორის, თავისი მოხსენება, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ბატონმა ირაკლი პეტრიაშვილმაც წაიკითხა.

გამომდინარე იქიდან, რომ აზერბაიჯანისადმი და აზერბაიჯანელი ხალხისადმი საქართველოს პროფკავშირის დამოკიდებულბა განუზომლად მეგობრულია, ირაკლი პეტრიაშვილმა მოხსენება აზერბაიჯანულ ენაზე წაიკითხა, რამაც დამსწრე 2 ათასზე მეტ დელეგატსა და სტუმარს შორის, განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. 

ყრილობას ესწრებოდა აზერბაიჯანის მთავრობის თითქმის სრული შემადგენლობა, დაწყებული პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელით და რიგი მინისტრებით დამთავრებული. ყრილობას ასევე ესწრებოდნენ აზერბაიჯანის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს – მილი მეჯლისის წარმომადგენლებიც. სხვათა შორის, აზერბაიჯანის პროფკავშირის ხელმძღვანელი, ბატონი სატარ მეხბალიევი, პარალელურად პარლამენტარი და  მილი მეჯლისის ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარეც არის. 

მეორე დღეს, პროტოკოლით დაგეგმილი იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრა. შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ იმ ექვსი პროფკავშირის ლიდერი, რომელთანაც, აზერბაიჯანის პროფკავშირს განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებს. აზერბაიჯანის პრეზიდენტი, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელსაც შეხვდა.  შეხვედრაში მონაწილეობდნენ საყოველთაო პროფკავშირული კონფედერაციის, განათლების საერთაშორისო პროფკავშირის, ბელორუსის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს პროფკავშირების ლიდერები. პროტოკოლის მიხედვით, პროფკავშირის ლიდერები აზერბაიჯანის პრეზიდენტს 2–2 წუთის მანძილზე პირადად ესაუბრნენ. ამის შემდეგ კი, სათათბირო მაგიდასთან სხვადასხვა საკითხებზე იმსჯელეს. 

„შეხვედრის დროს, პრეზიდენტ ალიევს პირველ რიგში მადლობა გადავუხადე იმ მხარდაჭერისათვის, რაც აზერბაიჯანის სახელმწიფომ, საქართველოს სუვერენიტეტისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გამოიჩინა და ასევე იმ ქმედებებისათვის,  რაც აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხს შორის არსებულ საუკუნოვანი მეგობრობის კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას უწყობს ხელს. ასევე ვესაუბრე სამმხრივ კომისიაზე და სოციალური დიალოგის მნიშვნელობაზე. ვისურვებდი, რომ საქართველოს ხელისუფლებებს, აზერბაიჯანის ხელისუფლების მსგავსად ესმოდეთ პროფკავშირებთან დამოკიდებულების მნიშვნელობა. 

ბატონმა ალიევმა მითხრა, რომ მათ ნათლად ესმით პროფკავშირის არსი და ყოველმხრივ ცდილობენ მათთან თანამშრომლობას. ბატონი პრეზიდენტის თქმით, მისი სახელმწიფოს ინტერესებში არ შედის სპონტანური გაფიცვები. განსაკუთრებით კი გაფიცვები ე.წ. პირველადი მოხმარების საწარმოებში. „ჩვენ რომ გაფიცვები არ გვინდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ძალით უნდა ჩავახშოთ გამოსვლები. გვინდა, რომ მოვუსმინოთ პროფკავშირს, რადგან მათ უკეთ იციან დიალოგის გზით როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემური საკითხები“ –  ასე განმიმარტა ბატონმა ილჰან ალიევმა მისი დამოკიდებულება პროფკავშირის მიმართ. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ხელისუფლებასთან კონსტრუქციულ დიალოგს „მოწყურებული“ საქართველოს პროფკავშირებისათვის ნამდვილად მოსაწონი და მისაბაძია აზერბაიჯანის ხელისუფლების პროფკავშირისადმი დამოკიდებულება. 

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ მომავლის გეგმებზე, აზერბაიჯანში არსებულ სიტუაციაზე, ეკონომიკის განვითარების ტემპებზე და საკმაოდ ნათლად გავიგეთ აზერბაიჯანის ხელისუფლების ხედვა ამ საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე, რომელიც დაახლოებით საათზე მეტხანს გაგრძელდა, მე და ჩემს ხუთ კოლეგას, ბატონმა ალიევმა გვითხრა რომ აზერბაიჯანი მზად არის ასეთი ტიპის შეხვედრები აზერბაიჯანში მომავალშიც გამართონ და მთლიანობაში საკმაოდ თბილი და საქმიანი საუბარი გამოგვივიდა“ – ასე იხსენებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი, ბატონი ირაკლი პეტრიაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებს. 

საქართველოსა და აზერბაიჯანის პროფესიულ კავშირებს ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებდათ და ეს მეგობრობა, ყველაზე ნათლად, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებით გამოიხატა, რომელსაც მხარეებმა ხელი   2011 წელს მოაწერეს. ეს ხელშეკრულება ძირითადად ეხება აზერბაიჯანის მოქალაქეების უფლებების დაცვას საქართველოში და ასევე აზერბაიჯანში საქართველოს მოქალაქეების დაცვასაც. უახლოეს მომავალში, საქართველოში ბატონი სატარ მეხბალიევის ვიზიტი არის დაგეგმილი და საქართველოს პროფკავშირებში სჯერათ, რომ აზერბაიჯანელ მეგობრებთან თანამშრომლობა, მომავალში კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება. 

გაზეთი “სოლიდარობა”. თებერვლის ნომერი. pdfPDF ვერსიის გადმოწერა