მიმდინარეობს საიტის განახლება

გაფიცვა რკინიგზაში

24.10.12. დღეს, 11 საათიდან საქართველოს რკინიგზის პროფკავშირების ორგანიზებით ორსაათიანი გამაფრთხილებელი გაფიცვა შედგა. სამწუხაროდ, რკინიგზის ადმინისტრაცია არადეკვატურად შეხვდა რკინიზელთა მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს და შესაბამისად მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა. რკინიგზის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ გენერალური დირექტორის–ირაკლი ეზუგბაიას გადადგომის გამო ვერ ხერხდება დირექტორთა საბჭოს შეკრება და მათ არ აქვთ უფლებამოსილება აიღონ რაიმე სახის ფინანსური ვალდებულებები. მუშების ძირითადი მოთხოვნებია: ხელფასების მატება, მძიმე სამუშაო პირობების გაუმჯობესება და სამუშაოდან პროფკავშირული ნიშნით დათხოვნილი თანამშრომლების უპირობო აღდგენა.

   გაფიცული მუშები, 24 საათის განმავლობაში დაელოდებიან ადმინისტრაციის შემდგომ ნაბიჯებს, ასევე დაგეგმილ შეხვედრას ეკონომიკის ახალ მინისტრთან–დავით კვირიკაშვილთან, რომელიც იმედია, გაითვალისწინებს იმ მდგომარეობას, რომელშიც რკინიგზელები და მათი ოჯახები იმყოფებიან და  გამოიძებნება არსებული დავის მოლაპარაკებებით გადაჭრის გზები. ადმინისტრაციის მიერ რკინიგზელთა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ხვალ, კანონმდებლობის სრული დაცვით, სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყება.