პროფკავშირების გაერთიანებამ დასაქმებულთა უფლებების გაუმჯობესების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გამართა.
პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა ქვეყანაში არსებულ პრობლემებსა და შიდა და გარე საფრთხეებზე ისაუბრა და ის მოთხოვნები გააჟღერა, რომელსაც 6 გვერდიანი მანიფესტის სახით მთავრობის კანცელარიაში ხვალ შეიტანენ.
მანიფესტის მიხედვით, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას და მთავრობას: დასაქმებულები უზრუნველყონ ღირსეული მინიმალური ხელფასით, მოახდინონ უმუშევრობის შემწეობის დადგენა, შეამცირონ და აღმოფხვრან ქალისა და კაცის ხელფასებს შორის სხვაობა, შექმნან ეფექტური საპენსიო რეფორმა, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკით მოახდინონ უმუშევრობის დონის შემცირება;
ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საზოგადოებაში სოლიდარობისა და სამართლიანობის განცდას. ამისთვის კი საჭიროა ხელისუფლებამ გადადგას შემდეგი ნაბიჯები:
- შეიმუშაოს არსებულ გამოწვევებზე მორგებული დასაქმების პოლიტიკა და ხელი შეუწყოს მის ეფექტიან განხორციელებას ქვეყანაში;
- პრიორიტეტად აქციოს პროფესიული და დუალური განათლება;
- შექმნას დასაქმებულის უფლებებზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკა, რის ფარგლებშიც უნდა წახალისდეს სოციალური დიალოგი და კოლექტიური მოლაპარაკებები;
- დაინერგოს უმუშევრობის შემწეობა და ხელი შეეწყოს მინიმალური ხელფასის რეგულირების საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციას;
- შრომის უსაფრთხოება აღიარებულ იქნას შრომის ფუნდამენტური უფლებად;
- განისაზღვროს დეკრეტული შვებულების ღირსეული ანაზღაურება;
- გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობის შესამცირებლად შემუშავდეს შრომის ღირებულების გაზომვის მეთოდოლოგია;
- უზრუნველყოფილი იქნას უსაფრთხო და თანასწორი გარემო შრომით ურთიერთობებში;
- არაფორმალურად დასაქმებულთა შრომითი უფლებები ისევე უნდა იქნეს დაცული, როგორც ფორმალურად დასაქმებულების.
- დაწესდეს 8 საათიანი სამუშაო დღე და ზეგანაკვეთური შრომის არანაკლებ 125 % – იანი ანაზღაურება.
ასევე, დაფასდეს თითოეული დასაქმებულის შრომა და 1 მაისი გამოცხადდეს უქმე დღედ.
ამასთან, აქციაზე, პროფკავშირების გაერთიანების წევრებმა, დარგების თავმჯდომარეებმა, აქციის მონაწილეებმა, საქართველოში მცხოვრები უკრაინელების დასახმარებლად საყოფაცხოვრებო ნივთები მიიტანეს.