შრომის ინსპექციის შექმნა გვიანდება

შრომის ინსპექციის შექმნა გვიანდება. უწყება, რომელმაც კომპანიების საქმიანობა და მათი შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობა უნდა გააკონტროლოს, 2015 წელს უნდა ამოქმედდეს. მთავრობამ ეს ვალდებულება ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიული დოკუმენტით აიღო, რომელშიც მსგავსი უწყების შექმნის ვადად სწორედ მომავალი წელი განისაზღვრა. მიუხედავად ამისა, კანონპროექტი ჯერ მზად არ არის.

როგორც “კომერსანტთან“ საუბრისას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია აცხადებს, კანონის პროექტი “შრომის ინსპექციის შესახებ“, ასევე ცვლილებათა პაკეტი “შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის შესახებ“ კანონში მზად აგვისტოში უნდა ყოფილიყო და ის დამსაქმებლებისთვის უნდა გაეცნოთ, თუმცა, ამ დრომდე მათ არავინ შეხმიანებია.

მისივე ინფორმაციით, შრომის ინსპექციის შექმნასთან დაკავშირებით მთავრობაში შეუთანხმებლობაა, კერძოდ ეკონომიკის სამინისტრო ამ საკითხს ამუხრუჭებს, რადგანაც მიაჩნიათ, რომ ინსპექციის შექმნა ბიზნესმენებს დამატებით რეგულაციებს შეუქმნის და ეს ბიზნესგარემოს გაუარესებას შუეწყობს ხელს.

“არ უნდათ შრომის ინსპექციის შექმნა, ან თუ შეიქმნება არ სურთ, რომ ჰქონდეს სანქციების გატარების უფლება. ეკონომიკის მინიტრების მოადგილეები, რომლებიც წინა ხელისუფლების მსგავსად აზროვნებენ და რომლებიც ამ მთავრობას წინა ხელისუფლებიდან გადმოყვნენ, ფიქრობენ, რომ ამ ინსპექციის შექმნა ბიზნესისთვის დამატებითი რეგულაციების შექმნას ნიშნავს და რომ ეს საინვესტიციო გარემოსა და ბიზნესმენების დაფრთხობას გამოიწვევეს. მიგვაჩნია, რომ სერიოზულად ამუხრუჭებენ ამ პროექტს. ისინი აფუჭებენ ურთიერთობას ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წარმომადგენლობებთან, რადგანაც ჩვენი პარტნიორები დაბეჯითებით მოითხოვენ შრომის ინსპეციის შექმნას“,- აცხადებს ალექსანდრია.

ის, რომ კანონის პროექტი ჯერ მზად არ არის, ჯანდაცვის სამინისტროშიც ადასტურებენ. სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დავით ივანიძე აცხადებს, რომ სავარაუდოდ ინსპექცია 2015 წელს შეიქმნება, რადგანაც ამის ვალდებულება საქართველომ ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით აიღო.

ივანაძე აცხადებს, რომ უწყებას სანქციების დაკისრების უფლება ექნება, თუმცა, მათი ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. ივანაძის ვარაუდით, ეს შეიძლება იყოს კომპანიაში არსებული 100 ან 200 მინიმალური ხელფასის ოდენობა, მორიგი დარღვევის შემთხვევაში კი საქმე სასამართლოში წავა.

“რა სახელწოდება ექნება მას ჯერ არ ვიცით, შესაძლოა ის შრომის ინსპექცია იყოს, შესაძლოა მონიტორინგის სამსახური დაერქვას. საწყის ეტაპზე იქნება მოკრძალებული ჯგუფი 50-60 ადამიანის ფარგლებში, მაგრამ შემდეგ გაფართოვდება. ნებისმიერი ინფორმაციის საფუძველზე მოხდება შემოწმება – იქნება ეს დასაქმებულის მიმართვა თუ უბრალოდ უწყების სურვილი, შეამოწმოს ესა თუ ის საწარმო. პირველ ეტაპზე სანქციები არ დაეკისრებათ კომპანიებს, ჯერ შეიქმნება ჯგუფი, რომელიც ინსტრუქტაჟს ჩაუტარებს მეწარმეებს, როგორ უნდა უზრუნველყონ შრომის უსაფრთხოება, შემდეგ მიეცემათ გონივრული ვადა ამის განსახორციელებლად. გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში შეიძლება სასამართლოში წავიდეს საქმე ან სულაც შეუჩერდეს საქმიანობის უფლება საწარმოებს“,- აცხადებს ივანაძე.inspeqcia