პრობლემა არის ისიც, რომ ბევრი ქალი ღიად არ ან ვერ საუბრობს საზოგადოების აღქმებისა და შეფსებების შიშით. თუმცა, ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, მზარდია ქალთა მომართვიანობა პროფკავშირებისადმი. ორგანიზაცია აწარმოებს შესაბამის სასამართლო საქმეებსაც.
პროფკავშირების ინიციატივით, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სამოქმედო გეგმის დღის წესრიგში შეტანილია შსო-ს მიერ მიღებული #190-ე კონვენციის რატიფიცირების საკითხიც. კონვენცია ადასტურებს, რომ ყველას აქვს უფლება ჩაერთოს შრომით საქმიანობაში ყოველგვარი ძალადობისა და შევიწროების გარეშე და ხაზგასმით მიუთითებს, რომ ძალადობა და შევიწროება შრომის სამყაროში არის „ადამიანის უფლებების დარღვევა ან ბოროტად გამოყენება, ის საფრთხეს უქმნის თანაბარ შესაძლებლობებს, მიუღებელი და შეუთავსებელია ღირსეულ სამუშაოსთან“.
კონვენცია ეხება ყველა დასაქმებულს, მათ შორის არაფორმალურ შრომაში ჩართულებს და იცავს დასაქმებულს ნებისმიერ ადგილსა და სიტუაციაში, სადაც სამსახურეობრივი საქმიანობიდან გამომდინარე იმყოფება. კონვენცია ავალდებულებს სახელწმიფოს დასაქმებულების დაცვას ასევე, მესამე პირებისგან (მომხმარებელი, კლიენტი, პაციენტი,ბენეფიციარი და ა.შ) მომდინარე ძალადობისა და შევიწროებისგან.
კონვენცია ”ძალადობას და შევიწროებას” განმარტავს, როგორც – „ქცევას, პრაქტიკებს ან მუქარებს, რომელიც მიზნად ისახავს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ზიანის მიყენებას.
პროფკავშირების მიერ ტექსტილის წარმოების სფეროში ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ საქართველოში, დასაქმებულ ქალთა 32,5% შევიწროების მსხვერპლია. ეს არის სექტორი, სადაც ასეთი ფაქტები ყველაზე ხშირია. თუმცა, სხვა სფეროებშიც მრავალი შევიწროების ფაქტი ფიქსირდება.
ამიტომ, შეგახსენებთ და მოგიწოდებთ, რომ დააჩქაროთ და დროულად დაუჭიროთ მხარი შსო-ს 190-ე კონვენციის რატიფიცირების პროცესს. ეს იქნება ერთ-ერთი ეფექტური ინსტრუმენტი პირველ ეტაპზე იმისთვის, რომ ქალები, სამუშაო ადგილებზე, ძალადობისა და შევიწროებისგან დაცულნი იქნენ.