“ფრესკო”ს თვალთვალი აეკრძალა – პროფკავშირებმა მოიგო

პროკავშირების აქტიური მუშაობის კიდევ ერთი შედეგი! პირად მონაცემთა ინსპექტორმა პროფკავშირების მიერ “ფრესკო”-სთვის წაყენებული ბრალდებები საფუძვლიანად ცნო და სუპერმარკეტების ქსელი კანონდარღვევისთვის დააჯარიმა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო 2000 ლარით დააჯარიმა. ასევე, გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და არსებული ჩანაწერების განადგურება დაავალა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ცნობით, სუპერმარკეტების ქსელში ვიდეოთვალთვალი წესების დარღვევით მიმდინარეობდა, მათ შორის, გამოსაცვლელ ოთახებშიც.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ინსპექტირება 12 აპრილს, მას შემდეგ დაიწყო, რაც პროფკავშირების წარმომადგენლებმა, კომპანიის ყოფილმა თანამშრომლებთან ერთად გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალის შესახებ განაცხადეს და ინსპექტორს მოკვლევისთვის მიმართეს.

“შპს ფრესკო შოპინგ ცენტრის ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ კომპანია ნამდვილად ახორციელებს ვიდეოთვალთვალს სავაჭრო ობიექტების ქალი თანამშრომლებისთვის განკუთვნილ გამოსაცვლელ ოთახებში”, – წერია ინსპექტორის აპარატის განცხადებაში.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა და “ფრესკოს” ყოფილმა თანამშრომლებმა 11 აპრილს მონაცემთა დაცვის ინსპექტროს და მთავარ პროკურატურას 11 აპრილს მიმართეს, სპეციალური პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ “ფრესკოს” ადმინისტრაციას ქალების გასახდელში დამონტაჟებული ჰქონდათ ვიდეოკამერები და მათ უთვალთვალებდნენ.

საპროტესტო ტალღა კომპანია „ფრესკოს“ თებერვლის დასაწყისში აგორდა. მაშინ ქსელური მარკეტი 80-მდე თანამშრომელმა გაუსაძლისი პირობების და ადმინისტრაციის არასათანადო და უსამართლო მოპყრობის გამო დატოვა და არსებულ მძიმე და ღირსების შემლახველ ვითარებაზე ღიად ალაპარაკდა. თებერვალში ადმინისტრაციამ ყველა ფილიალის უკლებლივ ყველა თანამშრომელს ხელფასის 20 დან 50%-მდე ჩამოაჭრა და აღნიშნული ქმედება იმით ახსნა, რომ ქსელში პროდუქტის დანაკლისი დაფიქსირდა.

„ფრესკოს“ ყოფილმა და  მოქმედმა თანამშრომლებმა დახმარებისთვის პროფკავშირების გაერთიანებას აპრილის თვეში მიმართეს. გაერთიანებამ საქმეზე დეტალური მოკვლევა დაიწყო, რა დროსაც ადამიანის უფლებების შელახვის არაერთი ფაქტი გამოვლინდა.

მათ შორის ფარული მიყურადების და თვალთვალის შემთხვევები. თანამშრომლები ყვებიან რომ „ფრესკოს“ მარკეტების გასახდელების დიდ ნაწილში დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები, (რაც მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის უგულებელყოფაა) ეს მაშინ როდესაც თანამშრომლებს ავალდებულებენ სამსახურში შესვლისას ტანსაცმელი გამოიცვალონ და უნიფორმა ჩაიცვან, აღნიშნული კი ადმინისტრაციის მხრიდან ორი რამით არის ახსნილი – პირველი კამერაში ფიქსირდება ხომ არ იპარავს თანამშრომელი პროდუქტს და მეორე მას უნდა ეცვას უნიფორმა.

აქვე გამოიკვეთა, რომ სუპერმარკეტების ქსელის გასახდელების უმეტეს ნაწილში კამერა არის მხოლოდ ქალების განყოფილებაში, რაც იმთავითვე აჩენს პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის ეჭვს, რომელიც შესაძლოა, ატარებდეს სექსუალური შევიწროების ხასიათს.

წვდომა ვიდეო მასალაზე ადმინისტრაციის ყველა წარმომადგენელს აქვს, (მამაკაცებს და ქალებს) ასევე აღსანიშნავია, რომ დაცვისთვის განკუთვნილ ოთხში, სადაც ხდება კამერების მუდმივი მონიტორინგი, ხშირად შედიან მამაკაცები. თანამშრომელ ქალებს არაერთხელ გაუგიათ საგანგებოდ დაკეტილი დაცვის ოთახიდან სიცილის ხმები, მაშინ როდესაც გასახდელებით გოგონები სარგებლობდნენ. გასახდელების თვალთვალის და ვიდეო კადრების ხელმისაწვდომობას ადასტურებენ „ფრესკოს“ დაცვის ყოფილი თანამშრომლებიც. ერთ- ერთი მათგანი სექსუალური ხასიათის შევიწროების ფაქტზეც ამახვილებს ყურადღებას.

თანამშრომელი გოგონები ყვებიან, რომ ყველაზე ხშირად ამ ოთახში ორი მამაკაცი დაცვის უფროსი დავით ბულია და მისი მოადგილე ალექსანდრე ქაჩიბაია შედიოდნენ, რომლებიც პირად საუბრებში უდასტურებდნენ თანამშრომლებს, რომ მაღაზიების ფილიალების ყველა დარბაზის და ასევე გასახდელების მონიტორინგი დაცვის ხელმძღვანელების ადგილზე არყოფნის დროს – საცხოვრებელი ბინებიდანაც ხდებოდა.

არსებული ინფორმაცია მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და ასევე საქართველოს პროკურატურას აპრილში მიეწოდა.

აღნიშნული მაშინვე დაადასტურა “ფრესკომ” და განაცხადა, რომ ისინი ვიდეოთვალთვალს ჩხუბისა და ქურდობის თავიდან აცილების მიზნით ახორციელებენ.

ფრესკოში უკანონ თვლთვალის ფატი დადასტურდა.