ტყიბულში მომხდარი ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ შრომის უსაფრთხოების კუთხით სერიოზული პრობლემები არსებობს

ვინ არიან ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაში დამნაშავეები და შეიძლებოდა თუ არა მეშატეების დაშავებისა და დაღუპვის თავიდან აცილება – ეს საწარმოში უბედური შემთხვევების კვლევის კომისიამ უნდა დაადგინოს, რომლის მუშაობაშიც პროფკავშირის წარმომადგენელიც მიიღებს მონაწილეობას.

კითხვებზე, რა არის გამოსავალი, როგორ უნდა გამოსწორდეს არსებული მდგომარეობა და ხელისუფლება რას აკეთებს ამისთვის, მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი თამაზ დოლაბერიძე პასუხობს: „ვითარების გამოსასწორებლად აუცილებელია, შეიქმნას შრომის დაცვის ინსპექცია, რომელიც განახორციელებს მონიტორინგს და ასევე მოახდენს რეაგირებას აღმოჩენილ დარღვევებზე როგორც ტექნიკური, ასევე შრომით – სამართლებრივი თვალსაზრისით.

აუცილებელია, საქართველოს პარლამენტმა მოახდინოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 176-ე კონვენციის რატიფიცირება, რომელიც დამატებით ვალდებულებებს აწესებს დამსაქმებლისთვის, მაღაროებზე ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების ამაღლების მიზნით. შრომის კულტურის ამაღლების, სამუშაო ადგილებზე კოლექტიური პასუხისმგებლობის ამაღლებისა და სოციალური პარტნიორობის მოდელის გაძლიერების მიზნით, ასევე აუცილებელია, საქართველოში დაინერგოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის „შრომის დაცვისა და უსაფრთხოების სისტემების მართვის 2001 წლის სტანდარტი, რომელიც ითვალისწინებს შრომის რისკების ყოველდღიურ რეჟიმში მონიტორინგს, შეფასებასა და აღმოფხვრას მუდმივმოქმედი კომისიის მიერ“.

ტყიბულში მომხდარ შემთხვევას სახალხო დამცველიც გამოეხმაურა და მთავრობას მოუწოდა, უმოკლეს დროში გაატაროს კონკრეტული ქმედებები სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. უჩა ნანუაშვილი განმარტავს, რომ ტყიბულის მაღაროში მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული პრობლემების სიმწვავეს: ,,სამწუხაროდ, უკანასკნელ პერიოდში სამუშაო ადგილზე დაშავებისა და გარდაცვალების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, რის შესახებაც სახალხო დამცველმა არაერთხელ გაამახვილა ყურადღება. თუმცა, დღემდე შრომის უსაფრთხოების მოწესრიგების კუთხით ეფექტიანი ღონისძიებები არ განხორციელებულა.

ტყიბულის მაღაროში მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების კუთხით სერიოზული პრობლემები არსებობს _ მოქმედ კანონმდებლობაში არ არსებობს რეგულაცია, რომლითაც განხორციელდება შრომის უსაფრთხოებისა და პირობების მონიტორინგი სამუშაო ადგილებზე. საკითხის სიმწვავეზე ბოლო წლებში სამუშაო ადგილებზე ფატალური შემთხვევებისა და დაშავებულთა რიცხვის მკვეთრი ზრდა მიუთითებს. მოვუწოდებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციას, მიმართონ ყველა ღონეს დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მთავრობას კი, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, უმოკლეს დროში დაიწყოს კონკრეტული ქმედითი ღონისძიებების გატარება სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“.    ty