ტრანსპორტის პროფკავშირსა და რუსთავის მერიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს, რუსთავის მერსა და ტრანსპორტის პროფკავშირებს შორის, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების საპრესკონფერენციო დარბაზში,  თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

როგორც იცით, უკანასკნელი თვეების მანძილზე, რუსთაველი მძღოლებისათვის შიდა სატრანსპორტო კონკურსის საკითხი პრობლემას წარმოადგენდა და პროფკავშირები ყველანაირად ცდილობდა, რომ რუსთაველი მძღოლების უფლებები მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული.

დღეს თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელის მოსაწერად და მედიისათვის ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გასაცნობად, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებისა და ტრანსპოტის პროფკავშირის თავმჯდომარეები – ირაკლი პეტრიაშვილი და ლავრენტი ალანია რუსთავის მერსა და შიდა საქალაქო სატრანსპორტო კომპანიების ხელმძღვანელებს, ასევე, მძღოლებს შეხვდნენ..

შეხვედრაზე ირაკლი პეტრიაშვილმა დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და გამოყო პროფკავშირის, როგორც დასაქმებულთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის როლი. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის თქმით: “კარგი იქნება, თუკი რუსთავის მერიის მაგალითს სხვა სახელმწიფო თუ კერძო დამსაქმებლებიც მიბაძავენ და მოლაპარაკებების გზით დაარეგულირებენ დასაქმებულებთან ურთიერთობას“.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზის მუშაკთა პროფკავშირის ხელმძღვანელმა, ლავრენტი ალანიამ კი განაცხადა, რომ იგი მემორანდეუმზე ხელმოწერის შემდეგ მოხარულია პირველ რიგში იმით, რომ ჰაერში აღარ იქნება გამოკიდებული 350 რუსთაველი მძღოლის ბედი და ეს ადამიანები მყარი და განსაზღვრული  პირობებით შეძლებენ მგზავრთა გადაყვანას.

მხარეებს შორის დადებული მემორანდუმის თანახმად, შიდა სატრანსპორტო კონკურსი მომზადების მიზნით ხანგრძლივი პერიოდით გადავადდება. პროფკავშირებმა ინიციატივა მძღოლების პროტესტის და საკითხის კატეგორიული დაყენების შემდეგ დეტალურად შეისწავლეს და ტენდერის გადადების აუცილებლობაში რუსთავის მერიაც დაარწმუნეს. რუსთავის მერი, დავით ჯიქია თავის მხრივ კმაყოფილებას გამოთქვამს მომორანდუმზე ხელის მოწერის გამო და იმედი აქვს, რომ თანამშრომლობა შემდგომშიც საქმიან და კონსტრუქციულ ფორმებში გაგრძელდება.

lavrik