ტრანსპორტელთა საერთაშორისო დღე — მთავარი გამოწვევა არაფორმალური დასაქმება და დაუცველი შრომითი უფლებებია
ტრანსპორტის სექტორში არაფორმალური დასაქმება, ხანგრძლივი სამუშაო საათები და არასაკმარისი სოციალური დაცვა კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. სწორედ ამ პრობლემებს, განსაკუთრებით კი არაფორმალური დასაქმების ფორმალიზაციის აუცილებლობას, ეძღვნება წელს ტრანსპორტელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა.
საქსტატის 2025 წლის მონაცემებით, ტაქსების საქმიანობაში დასაქმებულთა 54.3% არაფორმალურად მუშაობს, ხოლო 56.7%-ის სამუშაო კვირა 48 საათს აღემატება. სატვირთო საგზაო გადაზიდვებში არაფორმალური დასაქმების მაჩვენებელი 43.6%-ია, ხოლო 48 საათზე მეტს დასაქმებულთა 40.9% მუშაობს.
ამავე მონაცემებით, საქართველოში ტაქსების საქმიანობაში დაახლოებით 22 500 ადამიანია დასაქმებული.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მიიჩნევს, რომ არაფორმალური დასაქმება ადამიანებს შრომითი უფლებებისა და სოციალური დაცვის მნიშვნელოვანი მექანიზმების მიღმა ტოვებს, ხოლო გადაჭარბებული სამუშაო საათები საფრთხეს უქმნის როგორც მძღოლების ჯანმრთელობას, ისე საგზაო უსაფრთხოებას.
ტრანსპორტელთა საერთაშორისო დღის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არაფორმალური დასაქმების შემცირებას, შრომითი უფლებების დაცვასა და უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფას.
