საქართველოს პროფკავშირების ახალგაზრდული ფრთა მსოფლიოს საზოგადოებას მეტი აქტიურობისაკენ მოუწოდებს

დვანი6 ოქტომბერს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ, ქარელის რაიონის სოფელ დვანში, რუსეთის მიერ ქართული ტერიტორიების ოკუპაციის მორიგი ეტაპი გააპროტესტა. აქცია თეატრალიზებული იყო და მონაწილეებმა სპეციალური ნიღბებით მსოფლიოს ქვეყნების ცნობილი პოლიტიკური ლიდერები განასახიერეს. პროფკავშირის ახალგაზრდულმა ფრთამ, მსოფლიოს ქვეყნებსა და საქართველოს პარტნიორ სახელმწიფოებს საქართველოში მიმდინარე მოვლენები შეახსენეს და რეგირებისაკენ მოუწოდეს. როგორც ცნობილია საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფილს მეურნეობის სექტორშია დასაქმებული. განსაკუთრებით ეს შიდა ქართლს ეხება, სადაც წარმოებული ხილითა და ბოსტნეულით ქვეყნის დიდი ქალაქები ყოველთვის მარაგდებოდა. საზღვრის გადმოწევის შემდეგ გარდა იმისა, რომ ადგილობრივი მოსახლეობამ სასოფლო-სამეურნეო მიწა და მოსავალი დაკარგა და დაუსაქმებელი დარჩა, ეს საქართველოს ეკონომიკასაც აზარალებს.

“მსოფლიოს ლიდერებმა იციან, რომ ეს არის საქართველოს ტერიტორია და ალბათ მოვიდა იმის დრო, რომ მსოფლიო ლიდერებმა ასეთ ღია ოკუპაციაზე ხმა უნდა ამოიღონ. მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ საქართველო რუსეთის წინაშე ვერაფერს გახდება. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია,  რომ საზღვრის გადმოწევის შედეგად, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები ყოველგვარი შემოსავლის გარეშე რჩებიან.“ – განაცხადა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა, გიორგი აფციაურმა.

საჯარო განცხადებები პროფკავშირების ახალგაზრდული ფრთის სხვა წარმომადგენლებმაც გააკეთეს და მათ მსოფლიო საზოგადოებას საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებულ ოკუპაციაზე უფრო მკვეთრი  რეგირების მოხდენა მოსთხოვეს.

როგორც იცით, რუსეთის საოკუპაციო ჯარმა, უკვე თვეზე მეტია, ე.წ. საზღვრის დემარკაცია დაიწყო და დემარკირებულ ტერიტორიაზე ქართული სოფლების მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწებიც მოჰყვა.