26 აგვისტოს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას სამხრეთ კორეის, ქალაქ სეულის პროფკავშირის დელეგაცია ეწვია, რომელსაც ორგანიზაციის თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში პროფკავშირული საქმიანობის სპეციფიკაზე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, პრიორიტეტებსა და სამომავლო მიზნებზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის პროფკავშირული ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარებას. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს დასაქმებულთა უფლებების დაცვის, პროფკავშირული მოძრაობის გაძლიერებისა და თანამედროვე შრომით გარემოში არსებული გამოწვევების მიმართულებით მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე გამოთქვეს მზადყოფნა, მომავალში კიდევ უფრო გააღრმაონ ურთიერთობები და ხელი შეუწყონ საქართველოსა და სამხრეთ კორეის პროფკავშირებს შორის მჭიდრო და გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას, მათ შორის გამოცდილების გაცვლის, ერთობლივი ინიციატივებისა და პროფესიული კავშირების წარმომადგენლებს შორის პირდაპირი კავშირების გაძლიერების გზით.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებასა და პროფკავშირული გამოცდილების გაზიარებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.